Accessibility links

site logo site logo

ლუკაშენკო: მოსახლეობის უმრავლესობა არ ემხრობა რუსეთის შემადგენლობაში შესვლას


ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ქვეყნის მოსახლეობის 98 პროცენტი არ დაუჭერდა მხარს ბელარუსის შესვლას რუსეთის შემადგენლობაში, თუ რეფერენდუმზე მსგავსი საკითხი დადგებოდა.

ამასთან, ბელარუსის ლიდერი კვლავ ამტკიცებს, რომ „ბელორუსებს უნდათ რუსეთთან ერთად ყოფნა“, მაგრამ „სურთ იცხოვრონ საკუთარ ბინაში“.

ამის თაობაზე ლუკაშენკომ განაცხადა 1 მარტს, ბელარუსის პრეზიდენტთან ე.წ. „დიდი საუბრის“ დროს, რომელზეც რუსეთთან ურთიერთობას მრავალი შეკითხვა ეხებოდა.

„რუსეთს არ აქვს არავითარი განზრახვა გადაყლაპოს ბელარუსი. პუტინს ვიცნობ 20 წელია და ამას ვიგრძნობდი“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ის მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობის განმტკიცებას, მაგრამ თანასწორ საფუძველზე.

სატელევიზიო საუბრის დროს რამდენიმე კრიტიკული მოსაზრება გამოითქვა კრემლის მიმართ. კერძოდ, ლუკაშენკომ ლობიზმში დაადანაშაულა რუსეთის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ალექსანდრ ტკაჩევი, რომელიც ხელს უშლიდა ხარისხიანი ბელარუსული პროდუქციის გატანას რუსეთის ბაზარზე. „რუსეთის მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ოლიგარქიული ჯგუფების ლობირება“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG