Accessibility links

site logo site logo

ზუგდიდის მუზეუმში დაზიანებულ ჭურჭელს თბილისში აღადგენენ


ზუგდიდის მუზეუმში დაზიანებული ჭურჭელი

ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში დაზიანებული ჭურჭლის აღდგენა შესაძლებელია. როგორც რადიო თავისუფლებას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, ეროვნული მუზეუმის ორი რესტავრატორი უკვე იმყოფებოდა ზუგდიდში და ადგილზე დაათვალიერეს ექსპონატები. სამინისტროს ცნობით, ჭერის ჩამონგრევისას, საერთო ჯამში, 10 ნივთი დაზიანდა და ყველა მათგანის აღდგენა შესაძლებელია. მათივე ინფორმაციით, ამჟამად ფორმდება შესაბამისი დოკუმენტაცია, რასაც რამდენიმე დღე დასჭირდება, შემდეგ კი ეროვნული მუზეუმის რესტავრატორები ექსპონატებს თბილისში გადაიტანენ და დაიწყება მათი აღდგენა.

სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ, რა ვადა დასჭირდება დაზიანებული ჭურჭლის აღდგენას, თუმცა ამბობენ, რომ ეს არ იქნება ხანგრძლივი პროცესი.

ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში, რომელსაც ეკატერინე ჭავჭავაძის სასახლედ მოიხსენიებენ, ჭურჭელი 1 მარტს დაზიანდა. ერთ-ერთ საგამოფენო დარბაზში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა და მაგიდაზე დალაგებული დადიანების ნაქონი ბროლის ჭიქები დააზიანა. მომხდარის მიუხედავად, მუზეუმში დამთვალიერებლებს ჩვეულებრივ იღებენ. დირექტორ ლილი ბერაიას თქმით, ტერიტორია მოასუფთავეს და გადაადგილება სახიფათო არ არის. მისი ცნობით, სასახლის რეკონსტრუქცია აპრილში უნდა დაიწყოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG