Accessibility links

site logo site logo

მამუკა ხაზარაძემ "ორკესტრირებული შეტევის" ჯაჭვი აღწერა


„თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ახსნა, თუ რატომ მიიჩნევს, რომ „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს.

ხაზარაძის ინფორმაციით, 2018 წლის ივნისიდან ბანკის შემოწმება დაიწყო ოთხმა უწყებამ - ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, პროკურატურამ, საგადასახადო სამსახურმა და ეროვნულმა ბანკმა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, „თიბისი ბანკზე“ არსებობის 27 წლიან ისტორიაში მსგავსი შეტევა არასდროს ყოფილა.

ბანკის დამფუძნებლის შეფასებით, ამას საეჭვოდ დაემთხვა ივლისში განხორციელებული კიბერშეტევა, თუმცა, „თიბისი ბანკმა“ შეძლო არა მხოლოდ თავის დაცვა, არამედ მიაგნო კონკრეტულ მისამართს, საიდანაც კიბერშეტევა განხორციელდა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა შსს-ს.

„იმის მერე ხუთი წერილი მივწერე მინისტრს, თუ რა ეტაპზეა გამოძიება და ერთი კვირის წინ მივიღეთ გამომძიებლის პასუხი, რომ კომპიუტერი ამოღებულია და წაღებულია ექსპერტიზაზე“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი ინფორმაციით, ოფისი, საიდანაც კიბერთავდასხმა მოხდა, მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე, იციან, თუ ვინ ზის ამ კომპიუტერებთან და სავარაუდოდ, ეს არის ადგილი, საიდანაც იმართება ე.წ. ბოტები და სოციალური ქსელების გამოყენებით მიმდინარეობს ბანკზე შეტევა.

მამუკა ხაზარაზის ცნობითვე „თიბისი ბანკის“ მიერ 2007-2008 წლებში განხორციელებული, სრულიად კანონიერი ტრანზაქციების და მათი მოძრაობის საბანკო ანგარიშების შესახებ, სრული ინფორმაცია მიაწოდეს პროკურატურასაც და როცა გამოსაკითხად დაიბარეს, ამ პროცედურის ჩატარება ითხოვა მოსამართლის წინაშე.

ხაზარაძის განცხადებით, გამოკითხვის დროს დაადასტურა რომ მზად არიან გამოძიებასთან გახსნილი თანამშრომლობისთვის, მაგრამ კონფიდენციალობის დაცვა ითხოვა იმის გამო, რომ 19 იანვარს, ანაკლიის პროექტის ფარგლებში ხელს აწერდნენ შეთანხმებებს ჰოლანდიის და გერმანიის ბანკებთან და თუნდაც ჭორის დონეზე იმის გავრცელება, რომ სავარაუდოდ, ლაპარაკია ფულის გათეთრებაზე, პროცესს დააზარალებდა. მამუკა ხაზარაძის თქმით, მოსამართლემაც დაადასტურა, რომ ეს ყველაფერი კონფიდენციალურია.

მისივე ინფორმაციით, ამის შემდეგ, 31 დეკემბერს გამოკითხვაზე დაიბარეს ბადრი ჯაფარიძე, ხოლო 9 იანვარს, პროკურატურამ პრესისთვის გააკეთა განცხადება, რომ გამოძიება მიდის ფულის გათეთრების მუხლით

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ამ ყველაფერს მოჰყვა შანტაჟი ეროვნული ბანკის მხრიდანაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG