Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლები მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან


„ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლები 5 მარტს მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან. ქარხნის თანამშრომლები ხელფასების დავალიანების გასტუმრებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. დასაქმებულების განცხადებით, უკვე ექვსი თვეა, რაც მათ კუთვნილი ანაზღაურება არ მიუღიათ.

სააქციო საზოგადოება „ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლებმა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით აქცია 7 თებერვალსაც გამართეს. მათი განცხადებით, დავალიანების თაობაზე ისინი ადმინისტრაციის თანამშრომლებს რამდენჯერმე შეხვდნენ, თუმცა შეხვედრები უშედეგოდ სრულდება.

„ელმავალმშენებლის“ თანამშრომლებს რომ ნამდვილად აქვთ სახელფასო დავალიანება, ამას ადასტურებს სააქციო საზოგადოების ადმინისტრაციაც. მათ 4 მარტს განცხადება გაავრცელეს, სადაც წერია, რომ „თანამშრომელთა პრეტენზია ცალსახად კანონიერი და სამართლიანია“. ადმინისტრაცია პრობლემის აღმოფხვრას მარტის ბოლოსთვის გეგმავს:

„დავალიანება სრულად არის აღიარებული ქარხნის ადმინისტრაციის მიერ, ტაბელებში გათვალისწინებულია, დეკლარირებულია და მხოლოდ ფულად სახსრებს ველოდებით მათ გასაცემად. დავალიანების წარმოშობა გამოწვეულია მცირე მოცულობის შეკვეთებით, რომლებიც ხარჯებს ვერ ფარავდა და კიდევ იმ გარემოებით, რომ არსებობს უცხოური კონტრაქტორი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს „ელმავალმშენებლის“ მიმართ დებიტორული დავალიანება და სწორედ მისგან ველით დღესდღეობით საჭირო თანხის გადმორიცხვას. მარტის განმავლობაში აღნიშნული პრობლემა გადაწყდება“.

სს “ელმავალმშენებელ” ქარხანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და განცხადებას ავრცელებს:

„ამჟამად, ქარხნის თანამშრომლები საკუთარი შრომითი უფლებების დაცვის მიზნით დამსაქმებლებთან კოლექტიურ შრომით დავას აწარმოებენ. დანიშნულია შრომითი მედიატორი, რომელსაც უნდა უზრუნველეყო მხარეებს შორის მოლაპარაკების გამართვა, თუმცა, დამსაქმებელმა უარი განაცხადა მოლაპარაკება ეწარმოებინა „რკინიგზელთა ახალ პროფკავშირთან“, რომელიც ამ შრომით დავაში მონაწილე მუშების ინტერესს წარმოადგენს. დამსაქმებელი მედიაციის პროცესში „რკინიგზელთა პროფკავშირის“ ჩართვას ითხოვს. თავის მხრივ, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს უკანასკნელი, ე.წ. „ყვითელ პროფკავშირს“ წარმოადგენს და დამსაქმებლის ინტერესების გამტარია“, - წერის EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

EMC მოუწოდებს სს “ელმავალმშენებელი” ქარხნის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ აღკვეთოს პროფესიული კავშირების საქმიანობის ხელის შეშლა და უზრუნველყოს დასაქმებულთა თანასწორი და თავისუფალი გაერთიანების შესაძლებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG