Accessibility links

site logo site logo

"თიბისი ბანკის" დამფუძნებელს "გახარიას მუქარის წერილის" გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ


თამარ ჩუგოშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ უნდა გასაჯაროვდეს წერილი, რომელიც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მიიღო.

„გუშინ ძალიან სერიოზული ბრალდებები გაჟღერდა საპარლამენტო ტრიბუნიდან. ჩემთვის ცოტა დამაბნეველი ინფორმაციაა, იმიტომ, რომ სხვადასხვა წყაროდან სხვადასხვა ინფორმაციას ვისმენ. შესაბამისად, პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა წერილზეა საუბარი“ - უთხრა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძის გამოკითხვის ოქმის იმ ნაწილში, რომელიც პროკურატურამ საჯარო გახადა ცოტა სხვა რამე წერია, ამიტომ მეტი სიცხადეა საჭირო.

„ჩვენ არ ვიცით რეალურად ეს რა წერილია, არსებობს საერთოდ თუ არ არსებობს, რა წერია, ვინ, როდის დაწერა? უამრავი კითხვა გაჩნდა. საგამოძიებო უწყებების და ეროვნული ბანკის მხრიდან ცოტა სხვა განცხადებები მოვისმინე. ახლა, ალბათ, მნიშვნელოვანია ბრალდების ავტორმა მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა მინისტრისგან გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი რეპუტაციის დანგრევის მუქარით. ხაზარაძის ინფორმაციით, მუქარის წერილის შესახებ ისაუბრა მოსამართლს თანდასწრებით მისი გამოკითხვისას, თუმცა, არცერთ პროკურორს ამაზე რეაგირება არ ჰქონია.

4 მარტს საღამოს, გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა ამონარიდი 26 დეკემბრის გამოკითხვის ოქმიდან, რომლის თანახმად, მამუკა ხაზარაძე საუბრობს მუქარის წერილზე, თუმცა ავტორს არ ასახელებს. ხაზარაძის ბრალდებას უარყოფს შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG