ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მიმდინარე თვეში საქართველოს ეწვევა და ქვეყნის მთავრობასთან ერთად დაესწრება ერთობლივ სამხედრო წვრთნას.
სტოლტენბერგმა ეს ჟურნალისტებს 6 მარტს, ბრიუსელში უთხრა: "მიმდინარე თვეში საქართველოში ჩავალ, და ეს ვიზიტი იქნება ნაწილი საქართველოსთან არსებული, რეგულარული ძლიერი პარტნიორობისა, პოლიტიკური დიალოგისა, რომელსაც მე, ჩვენ ვაწარმოებთ საქართველოსთან. შევხვდები საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს და ასევე დავესწრები ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნას".
ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნა 18-29 მარტს გაიმართება კრწამისის პოლიგონზე. მასში მონაწილეობას მიიღებენ ნატოს წევრი 23 ქვეყნის და პარტნიორი სახელმწიფოების სამხედროები.
"ამგვარ წვრთნებს რეგულარულად ვატარებთ, რაც მოწმობს, რომ ნატო და საქართველო - ჩვენ ახლო პარტნიორები ვართ" - განაცხადა სტოლტენბერგმა. ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნა პირველად 2016 წელს გაიმართა.
სტოლტენბერგმა საქართველოს მადლობა გადაუხადა იმ წვლილისთვის, რომელიც მას ნატოს მისიებში შეაქვს ავღანეთსა და სხვა ადგილებში.
"საქართველო ნატოს დიდად უჭერს მხარს, მონაწილეობს ნატოს სხვადასხვა მისიებში და ოპერაციებში, ავღანეთში, და ნატოს სხვა წვრთნებში" - განაცხადა სტოლტენბერგმა.