Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს საბუთები მოაწესრიგონ ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებამდე


საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებში წასვლის მსურველებს მიმართავს, გამგზავრებამდე დოკუმენტები მოაწესრიგონ.

როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია მითითებული, ბოლო პერიოდში, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გაამკაცრეს სასაზღვრო კონტროლი.

შედეგად, საქართველოს არაერთ მოქალაქეს, რომლებიც არ აკმაყოფილებდნენ ევროკავშირის/შენგენის სახელმწიფოებთან უვიზო რეჟიმით განსაზღვრულ პირობებს და არ ფლობდნენ შესაბამის საბუთებს, უარი ეთქვათ ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლაზე.

„გაითვალისწინეთ, რომ ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს საელჩოებს არ გააჩნიათ არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, რომ მესაზღვრის მიერ კანონიერად მოთხოვნილი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, ჩაერიოს მის კომპეტენციაში და შეცვალოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამა თუ იმ მოქალაქის ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შემოშვების მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში და ჩამოთვლილია ის საბუთები, რაც უვიზოდ მგზავრობისთვის არის საჭირო

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გაცემული საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი, რომელსაც უნდა ქონდეს მინიმუმ 3 თვის მოქმედების ვადა ევროკავშირის/შენგენის ქვეყნის ტერიტორიიდან გასვლის დაგეგმილი დღისთვის.

მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს მოითხოვოს შემდეგი საბუთები:

  • დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
  • სასტუმროს მოქმედი ჯავშანი;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება: მაგალითად, თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი, დაფინანსების შესახებ ცნობა, მასპინძლის საგარანტიო წერილი.
  • ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა ევროკავშირის/შენგენის წევრი თითოეული ქვეყნის შიდაკანონმდებლობით განისაზღვრება. სასტუმროს ხარჯის გარდა, ეს თანხა, როგორც წესი, არ აღემატება დღეში 50 ევროს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილეობის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად რეკომენდებულია მოქალაქეებმა თან იქონიონ ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა.

რაც შეეხება სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის მსურველებმა, მათ თან უნდა იქონიონ იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავენ მკურნალობას.

სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;

მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG