Accessibility links

site logo site logo

გიორგი ქადაგიძე: ახლა ყველაზე მეტად მაინტერესებს, რა აინტერესებს ჩემგან პროკურატურას


„გულწრფელი რომ ვიყო, ახლა ყველაზე მეტად მაინტერესებს, რა აინტერესებს ჩემგან პროკურატურას“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, გამოკითხვაზე შესვლამდე.

საქართველოს გენერალური პროკურატურა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით, ნახევარ წელზე მეტია იძიებს "თიბისი ბანკის" 11 წლის წინანდელ ოპერაციას. სწორედ იმ პერიოდში ხელმძღვანელობდა ეროვნულ ბანკს გიორგი ქადაგიძე.

მისი თქმით, მოვლენები და ის კითხვები, რომლებიც „თიბისი ჯგუფის" ირგვლივ ვითარდება და ისმის, საჭიროებს პასუხებს ყველა მხრიდან:

„მხოლოდ და მხოლოდ მაღალი სტანდარტის საჯაროობა არის გამოსავალი ამ ვითარებიდან, რადგან ეს საკითხი გასცდა უკვე კონკრეტული ბიზნესჯგუფის ან ადამიანების არეალს და წარმოადგენს გაცილებით დიდი საჯარო ინტერესის საგანს, რაზეც ამ საქმის რეზონანსულობა მეტყველებს. მივესალმები მაქსიმალურ საჯაროობას და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ამ პროცესში გაძლიერდეს პარლამენტის როლი, რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ სწორედ საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე გაისმა ყველაზე უფრო ხმაურიანი განცხადებები და ბრალდებები. ვფიქრობ, რომ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია არის ყველაზე უფრო ადეკვატური გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საგამოძიებო კომისიის მანდატის ქვეშ, ყველა მოხელეს, მოქმედს, ყოფილს თუ ა.შ. მოუწევს განმარტებების გაკეთება ყველა კითხვასთან დაკავშირებით“, - ამბობს გიორგი ქადაგიძე.

"თიბისი ბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, 2008 წლის ტრანზაქცია, რომლის გამოც გამოძიება მიმდინარეობს, თავის დროზე ეროვნულმა ბანკმა შეამოწმა და რაიმე დარღვევა არ აღმოუჩენია.

ამასთან, ცოტა ხნის წინ, ეროვნულმა ბანკმა ამავე ტრანზაქციაში დაინახა ინტერესთა კონფლიქტის ნიშნები, "თიბისი ბანკი" მილიონი ლარით დააჯარიმა და აქციონერთა კრებას მიმართა, სამეთვალყურეო საბჭოდან გაეწვია საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და მოადგილე ბადრი ჯაფარიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG