Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე: ანაკლიის პორტი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა


მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყველაზე იაფი და უპასუხისმგებლო პოლიტიკური სპეკულაცია უწოდა შეფასებებს იმის თაობაზე, რომ ანაკლიის პორტის პროექტს საფრთხე ემუქრება.

„მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ მართლაც ისეთი ხალხი აკეთებს განცხადებებს, რომ რთულია ემოციების გარეშე შევაფასო, რადგან არა მგონია, ბევრი ადამიანი არსებობდეს ისეთი, რომელსაც იმდენი ენერგია და დრო აქვს ამ პროექტში ინვესტირებული, როგორიც მაქვს მე, გინდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, გინდა ფინანსთა მინისტრად მუშაობის პერიოდში და გინდა საქართველოს რკინიგზაში მუშაობის პერიოდში“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ნაწილია პირადად მისი სტრატეგიის, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს გადაქცევას რეგიონულ ჰაბად, მათ შორის ტრანსპორტის და ლოგისტიკის მიმართულებით.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობის ყველა დონეზე მცდელობების შედეგად მიღებულია ძალიან ძლიერი შედეგი და ყველა წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი ანაკლიას განიხილავს პრიორიტეტულ პროექტად. პრემიერის თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ ევროკავშირმა საინვესტიციო გეგმაში ანაკლია შეიყვანა ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის პრიორიტეტულ ნუსხაში.

„აქედან გამომდინარე, მინდა დავსვა ლოგიკური კითხვა, როგორ შეიძლება ვინმეს ამის მერე ენა მოუბრუნდეს და განაცხადოს, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს ანაკლიის პროექტის რეალიზაცია“, - თქვა მამუკა ბახტაძემ. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ანაკლიის პორტი მთავრობისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტია და მასზე ისაუბრა ბრიუსელში ბოლო ვიზიტის დროსაც.

მედიის შეკითხვას, რა გარანტიებს ითხოვენ საერთაშირისო საფინანსო ინსტიტუტები ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით და რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ პროექტის ხელშესაწყობად მთავრობამ აიღო სერიოზული, მათ შორის ფინანსური ვალდებულებები და მათ აუცილებლად შეასრულებს. ბახტაძის განცხადებით, მთავრობა ჩართული იყო იმაშიც, რომ კონსორციუმს გაადვილებოდა საერთაშორისო ინსტიტუტებისგან დაფინანსების მიღება. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა გააგრძელებს როგორც თავისი ვალდებულებების შესრულებას, ისე კრედიტორებთან კერძო ინვესტორების დიალოგის მხარდაჭერას.

პოლიტიკური ოპოზიციის და ანალიტიკოსების ნაწილი "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებით, მამუკა ხაზარაძით და ბადრი ჯაფარიძით პროკურატურის დაინტერესებას ანაკლიის პორტის პროექტს უკავშირებს და მიიჩნევს, რომ პროექტს საფრთხე ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG