Accessibility links

site logo site logo

ფინანსთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო  “ფრესკოს“ ხელმძღვანელის ბრალდებებზე


ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ ხელმძღვანელის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე რეაგირების მიზნით, შესაბამისი მოკვლევა უკვე დაიწყო სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა.

ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც მიუთითებს, რომ 2018 წლის 20 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა კანონმდებლობის დაცვით, დაიწყო შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება:

„შემოწმების შედეგად, შემდგარია შესაბამისი საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი, რომელსაც არ ეთანხმება გადამხდელი. ამ ეტაპზე, დავას განიხილავს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო, რომლის გადაწყვეტილებაც საჭიროების შემთხვევაში, გადამხდელს, ასევე, შეუძლია გაასაჩივროს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს ფორტში, სადაც წარმოდგენილნი არიან, როგორც სხვადასხვა უწყების, ისე ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები“.

ფინანსთა სამინისტრო დავის საბოლოო გადაწყვეტილებამდე, უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ დამფუძნებლის ბრალდებებს სახელმწიფოს მხრიდან მის ბიზნესზე ზეწოლასთან დაკავშირებით:

„პირველ რიგში, გვსურს განვაცხადოთ, რომ ფინანსთა სამინისტროსთვის, როგორც პასუხისმგებლიანი საჯარო უწყებისთვის, ცალსახად მიუღებელია ისეთი ქმედება, რომელიც ნებისმიერი ფორმით შელახავს სისტემისა და იქ მომუშავე ათასობით მოხელის რეპუტაციასა და პროფესიულ საქმიანობას.

სწორედ ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ ხელმძღვანელის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე რეაგირების მიზნით, შესაბამისი მოკვლევა უკვე დაიწყო სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს სისტემის მოხელეებს, გარდა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისა, არ აქვთ იარაღის ტარების უფლება, ხოლო სამინისტროს როგორც გარე, ისე შიდა პერიმეტრის დაცვა, არ ხორციელდება სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ“.

ფინანსთა სამინისტროს განცხადების თანახმად, თუკი სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მასალის გამოკვლევის შედეგად, არ დადასტურდა შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ დამფუძნებლის მიერ სამინისტროს თანამშრომელთა წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები, სამინისტრო იტოვებს უფლებას, მიმართოს სამართლებრივ გზას და სოფრომაძის მხრიდან მოითხოვოს საჯარო ბოდიში საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და სისტემის რეპუტაციის შეგნებულად შელახვის გამო.

8 მარტს, სუპერმარკეტების ქსელის “ფრესკოს” დამფუძნებელმა ვასილ სოფრომაძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ მას აქვს კადრები თუ როგორ იპარავენ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები „ფრესკოს“ მაღაზიებში და როგორ უტრიალებენ იარაღს თანამშრომლებს.

ვასილ სოფრომაძის თქმით, ის უკვე ერთი წელია ელოდება ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სტრუქტურების მიერ განხორციელებული შემოწმების დასკვნას:

„მათ დაარღვიეს ყველა რეგლამენტი და ვერ დადეს საგადასახადო დასკვნა. ჩვენ მოვიწვიეთ მსოფლიოში ცნობილი აუდიტორი და მათ ქვა ქვაზე არ დატოვეს ყველა იმ შენიშვნიდან, რომელიც საგადასახადო სტრუქტურებმა ჩვენ წაგვიყენეს. მერე რა, რომ პროკურატურაში შევიტანე საჩივარი, მერე რა, რომ ფინანსთა მინისტრს წერილი მივწერე, რამე შეიცვალა? რას გვეუბნებით თქვენ ჩვენ, მე თქვენ მოგმართავთ, პოლიტიკოსებო...

„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ ექცევით ბიზნესს როგორც ქუჩის ქალს. ბიზნესი საკადრის პასუხს გაგცემთ, დამიჯერეთ! როცა ერთ მშვენიერ დღეს გამოხვალთ თქვენი სახლებიდან, პოლიტიკოსებს გეუბნებით, და ვერ ჩაასხამთ ბენზინს ბენზინგასამართ სადგურში, ვერ იყიდით პროდუქტს ჩვენს მარკეტებში, ვერ მიიღებთ მომსახურებას ჩვენს ბანკებში. და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. გონს მოეგეთ, გირჩევთ!“ - აცხადებს ვასილ სოფრომაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG