Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაზარაძე: ძალიან ცუდი მიმართულებით მიდიან


მამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს არ სურს საუბარი დეტალებზე იმ შეხვედრისა, რომელიც მისი, ბადრი ჯაფარიძის, ვანო ჩხარტიშვილის და ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით გაიმართა და რომლის შემდეგაც, ივანიშვილის თქმით, ჩხარტიშვილმა სასამართლო დავა შეწყვიტა.

4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ხაზარაძემ თქვა, რომ ამ შეხვედრაზე დასწრებას ნანობს.

დეტალებზე საუბარი მამუკა ხაზარაძეს „კვირის პალიტრამ“ თხოვა. “მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა თქვა, ჰკითხეთ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს, რა ხდებოდა შეხვედრაზეო, მაინც ვფიქრობ, რადგან მან დაიწყო საუბარი, აჯობებს თავად მოჰყვეს, რატომ შედგა შეხვედრა და ვინ ესწრებოდა მას” - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მან უარყო, რომ შეხვედრის ინიციატორი იყო.

რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას, რომ ჩხარტიშვილმა 100:0 მოიგო, ხაზარაძე ამბობს, რომ არ იცის, რადგან კალათბურთი არ უთამაშია.

„მოვა დრო და თუ არ იტყვიან, მე ვიტყვი. იმდენ საკითხზე ვილაპარაკე და არაფერზე პასუხი არ მიმიღია. პოლიტიკოსები მაბრალებენ, რომ თურმე რაღაცების გადაფარვას ვცდილობ. რას ნიშნავს გადაფარვა?! მოვყევი ის, რაც გადამხდა და გინდა ენკი-ბენკი დაარქვან, გინდ წერილი თუ სიხარული. ასეთ არასერიოზულ თემებზე სურთ ყურადღების გადატანა. ძალიან ცუდი მიმართულებით მიდიან, ეს ქვეყნისთვის ძალიან ცუდია და ვერაფერს მიაჩუმათებენ. არის ზღვარი, რომლის იქითაც არაფერს დავთმობ. ან დაადგინონ ჩემი ბრალეულობა, ან შეწყვიტონ საქმე. ამ ყველაფერმა სერიოზულად დააზიანა ქვეყნის იმიჯი. ამაზე იფიქრონ და არა იმაზე, რომელიღაც შეხვედრას ვინ ესწრებოდა” - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეკითხვას, საზოგადოებას აინტერესებს ასეთ შეხვედრებზე წყდება, ვინ ვის უნდა უჩივლოს და ვის არა? ხაზარაძემ უპასუხა: „თვითონ ივანიშვილმა არ თქვა, დავსვი ორივე მხარეო?! ანგარიშის ნომერიც ჩაიწერა. უზარმაზარ დავაზე იყო ლაპარაკი. ჩვენ არარსებულ თანხაზე გვიჩიოდნენ და იქიდან დამადლებული გამომიშვეს.“

რაც შეეხება ივანიშვილის ნათქვამს, რომ ხაზარაძეს წესიერად მადლობაც არ გადაუხდია, „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელი ამბობს: „ზრდილობა არ მეშლება. მადლობა გადავუხადე, მეტი რა უნდა მექნა?!“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG