Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება


თბილისში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ვანუატუს საგარეო საქმეთა, საერთაშორისო თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი რალფ რეგენვანუ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, რალფ რეგენვანუმ და დავით ზალკალიანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს.

ერთობლივ ბრიფინგზე ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მემორანდუმის ხელმოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია და საქართველოს დაუდასტურა პატივისცემა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

„ჩემთვის პატივია ამ ისტორიულ დღეს გადმოგცეთ ვანუატუს ხალხისა და ხელისუფლების სალამი. მადლობა ჩვენი მასპინძლობისთვის. ვანუატუს ხალხის სახელით მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს მყარ ურთიერთობებს, რომელსაც წინ უძღვება საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპები - სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის საქმიანობაში ჩაურევლობის პატივისცემა“ - განაცხადა რალფ რეგენვანუმ.

დავით ზალკალიანის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის საკითხებსა და თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე.

„ჩვენ უაღრესად ვაფასებთ ვანუატუს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მადლობელი ვართ, რომ ვანუატუს რესპუბლიკა ურყევად ატარებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების სრული დაცვით“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულოვანმა სახელმწიფომ ვანუატუმ 2011 წელს აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა, თუმცა, მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება გააუქმა.

საქართველომ და ვანუატუმ დიპლომატიური ურთიერთობები 2013 წელს დაამყარეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG