Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნებისმიერ შემთხვევაში, ამ სიტუაციაზე პასუხისმგებელი არის რუსეთის მხარე“


მარიამ ჯიშკარიანი, ცენტრ "ემპათიის" დირექტორი
მარიამ ჯიშკარიანი, ცენტრ "ემპათიის" დირექტორი

ცენტრ „ემპათიის“ დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ირაკლი კვარაცხელიას გვამის ექსპერტიზის წინასწარი მონაცემებით, მას „ყელის მიდამოში აღენიშნება სტრანგულაციური ღარი, ასევე რამდენიმე სისხლნაჟღენთი, კიდევ სხვა, შეიძლება ძველი დროის, დაზიანებები. ყოველ შემთხვევაში, დასკვნა იქნება წარმოდგენილი. აღებულია დამატებით ქსოვილოვანი მასალა კვლევებისთვის და შემდგომში უკვე „ემპათია“ ვარაუდობს კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზის ჩატარებას სხვადასხვა სპეციალობის ექსპერტების მონაწილეობით, რაც, ვფიქრობთ, მიგვიყვანს სწორ დასკვნამდე“. ექსპერტიზისთვის მასალა აღებულია ყველა შესაძლო დაზიანებული უბნიდან და ასევე ორგანოებიდან.

ცენტრი „ემპათია“ ჩართულია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას გვამის ექსპერტიზაში და აგრეთვე გამოძიების პროცესში იცავს მის ინტერესებს.

მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ჯერჯერობით არ არის გადმოცემული სოხუმის ექსპერტიზის დასკვნა და სხვა რაიმე სახის დოკუმენტაცია.

„ემპათიის“ ხელმძღვანელი თვლის, რომ როგორი შედეგითაც უნდა დასრულდეს ექსპერტიზა, „ნებისმიერ შემთხვევაში, საერთაშორისო სტანდარტებით, პრაქტიკულად ამ სიტუაციაზე პასუხისმგებელი არის რუსეთის მხარე, კერძოდ, მათი სამხედრო ნაწილი, სადაც მოხდა ეს ფაქტი, რაც, როგორც მინიმუმ, არაადამიანური, არასათანადო მოპყრობის დასტური შესაძლოა იყოს, ვინაიდან ყველა საერთაშორისო სტანდარტით, პასუხისმგებელი თავისუფლებააღკვეთილ ადამიანზე არის ის ე.წ. დაწესებულება, სადაც ეს ფაქტი ხდება. ასე რომ, ეს იყო სუიციდი, თუ რაიმე სხვა, ამას, რა თქმა უნდა, წინასწარ უძღოდა რაღაც გარემოებები, რამაც ეს ადამიანი მიიყვანა სუიციდის ფაქტამდე, თუკი ეს იყო სუიციდი“.

ცენტრი „ემპათია“ მოიპოვებს ყველა სახის იურიდიულ და სამედიცინო მტკიცებულებას და შეეცდება ამ პროცესში ჩართოს როგორც სახელმწიფო მხარეები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია:

„არსებობს საერთაშორისო ფორმატები - IPRM-ისა და ჟენევის დისკუსიების ფორმატები, სადაც დადგება საკითხი, რა თქმა უნდა, რუსულ მხარესთან. რუსეთი არის პასუხისმგებელი ამ ფაქტზე და არა მარტო იმიტომ, რომ ახორციელებს იქ სამხედრო კონტროლს, არამედ მათ ბაზაზე მოხდა ეს ამბავი, ე.წ. საკანში. როდესაც პატიმრობაში მყოფი ადამიანი, თუნდაც, თავს იკლავს, ამაზე პასუხს აგებს ციხის ადმინისტრაცია. ეს ასეა საერთაშორისო სტანდარტებით და ალბათ, ამ პასუხისმგებლობას ისინი ვერ გაექცევიან“, - ამბობს რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში მარიამ ჯიშკარიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG