Accessibility links

site logo site logo

ეკა ბესელია არ აპირებს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე 16 მარტს თავისი კანონპროექტი გაიტანოს


ეკა ბესელია

დეპუტატი ეკა ბესელია არ აპირებს 16 მარტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განსახილველად გაიტანოს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში მის მიერ მომზადებული კანონპროექტი.

,,შაბათს დანიშნული სხდომა საჭიროებს განმარტებას. რატომ ინიშნება არასამუშაო დღეს, ფორსირებულად ჩვენი კანონპროექტის განხილვა? ჩემთან არავის უწარმოებია კონსულტაცია. ვართ ამ კანონპროექტის 13 ხელმომწერი. არცერთ ჩვენგანთან კონსულტაცია არ გამართულა, არავისთან შეთანხმებულა ეს არასერიოზული გადაწყვეტილება, რომ მოიშორონ თავიდან ჩვენი კანონპროექტი. ეტყობა სურთ, რომ ჩვენი კანონპროექტი შემდგომ სასესიო კვირას გაიტანონ, რათა შემდეგ ჩააგდონ. ასე არ გამოვა,“- განაცხადა ეკა ბესელიამ. იგი საკომიტეტო მოსმენის სამუშაო დღეს დანიშვნას და ვენეციის კომისიის დასკვნის დალოდებას ითხოვს.

ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენისა და შერჩევის პროცედურების შესახებ კანონპროექტების განხილვა ფორსირებულად დაიწყო და საჭიროა კომიტეტები აღნიშნული საკითხების განსახილველად უკეთ მოემზადონ.

ეკა ბესელიას პასუხად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ კანონპროექტების განხილვის პროცესის დასაწყებად ყველა წინაპირობა არსებობს.

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების 3 კანონპროექტს. მათგან ერთის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და დეპუტატთა ექვსკაციანი ჯგუფი, მეორე კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, ეკა ბესელიასა და 12 ოპოზიციონერი დეპუტატის ავტორობითაა მომზადებული, ხოლო მესამე „ევროპული საქართველოს“ საკანონმდებლო ინიციატივაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG