Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპმა პირველი ვეტო გამოიყენა


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში ვეტოს უფლებით პირველად 15 მარტს, პარასკევს ისარგებლა.

ვეტოს საშუალებით მან დაბლოკა კონგრესის რეზოლუცია, რომელიც შეეხებოდა აშშ-მექსიკის საზღვარზე საგანგებო სიტუაციის გაუქმებას.

პრეზიდენტმა ტრამპმა საგანგებო სიტუაცია საზღვარზე, ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებით, 15 თებერვალს შემოიღო იმისთვის, რათა მექსიკასთან კედლის მშენებლობისთვის რესურსები მიეღო. შემოდგომაზე კონგრესმა მას უარი უთხრა 5,7 მილიარდი აშშ დოლარი გამოეყო კედლის მშენებლობის დასაფინანსებლად.

ვეტოს გამოყენებისას ტრამპმა აღნიშნა, რომ კონგრესს აქვს ასეთი რეზოლუციის მიღების უფლება, მისი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობა კი რეზოლუციის დაბლოკვაა.

კონგრესის რეზოლუციაზე ვეტოს გამოყენების გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპი ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდან არალეგალური მიგრანტების აშშ-ში შედინებისა და კრიმინალის, კერძოდ ნარკო-კონტრაბანდის გაზრდით ხსნის.

პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორივე პალატაში საჭიროა ხმათა 2/3.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG