Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

18 მარტს „ნატო-საქართველოს სწავლება 2019” იწყება


18-29 მარტს, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრში (JTEC) „ნატო-საქართველოს სწავლება 2019”-ს უმასპინძლებს.

სწავლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ 18 მარტს გაიხსნება.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019” პირველი ერთობლივი მრავალეროვნული ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას თქმით, სწავლებას არ აქვს ზრახვები, რომლებიც ვინმეს მიმართ აგრესიულ ელემენტებს შეიცავს.

„სამხედრო თვალსაზრისით ნატო ჩვენთვის მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვითი ორგანიზაციაა, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით - იმ ინსტიტუტების გამყარების გარანტი, რომლებსაც ეფუძნება ჩრდილოატლანტიკური სივრცე“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.

თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, „ნატო-საქართველოს სწავლება 2019” მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას. სწავლება ასევე გამოცდის ალიანსის Non Article 5 კრიზისებზე რეაგირების ყოვლისმომცველ მიდგომას. პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულნი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რაც ხელს შეუწყობს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავებას. „ნატო-საქართველოს სწავლება 2019” რიგით მეორე სწავლებაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ჩატარდება - პაკეტი საქართველოს 2014 წელს უელსში და 2016 წელს ვარშავაში გამართულ ნატოს სამიტებზე მიენიჭა. ნატო-საქართველოს პირველი ერთობლივი სწავლება 2016 წელს ჩატარდა.

სწავლებაში 24 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას (ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, გერმანია, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, აშშ, აზერბაიჯანი, საქართველო, შვედეთი).

სულ „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ში 350-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG