Accessibility links

ახალი ამბები

რაგბის მოყვარულები რუსეთის წინააღმდეგ საქომაგოდ ატოცში ჩავიდნენ

რაგბიში რუსეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრის სანახავად ქართველი გულშემატკივრები სოფელ ატოცში ჩავიდნენ, სადაც ბორჯღალოსნების საქომაგოდ ადგილობრივი მოსახლეობა მიიწვიეს.

საქართველოს ნაკრების საქომაგოდ მცოცავი ოკუპაციის შედეგად დაზარალებული ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი ატოცი სიმბოლურად იქნა შერჩეული.

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებები რაგბი ევროპის ტურნირის ფარგლებში, კრასნოდარში ხვდებიან ერთმანეთს.

აქამდე გამართულ 22 შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს 20-ჯერ ჰყავს რუსეთის ნაკრები დამარცხებული.

ყველა ახალი ამბავი

სააფთიაქო ქსელებში პირბადეების დეფიციტია

სააფთიაქო ქსელების ნაწილში სამედიცინო პირბადეების დეფიციტია შექმნილი, როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია ამ ეტაპზე „ავერსის“ ქსელში არ არის დარჩენილი არცერთი პირბადე; „PSP“-ს ქსელში თბილისის მასშტაბით არ არის დარჩენილი არცერთი პირბადე. გარკვეული მარაგია დარჩენილი რეგიონებში.

ამ ეტაპზე, ნიღბების შეძენა შესაძლებელია „ჯიპისის“ ქსელში.

ნიღბების მარაგი აქვს „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელსაც.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პირბადეებთან არაერთ ქვეყანას შეექმნა დეფიციტი თუმცა, მთავრობა პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობს.

“პირბადეების დეფიციტი მსოფლიო მასშტაბით არის შექმნილი და ბუნებრივია, საქართველოშიც შეიქმნებოდა. მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ, რომ დამატებით შემოიტანონ მომწოდებლებმა პირბადეები შესაბამისი ღირებულებით”, –განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გულნარა ქარიმოვა მზადაა, 700 მილიონამდე დოლარი დათმოს თავისუფლების სანაცვლოდ

გულნარა ქარიმოვა. მარტინს უპიტისის ნახატი.

უზბეკეთის ყოფილი პრეზიდენტის, ისლამ ქარიმოვის უფროსმა ქალიშვილმა, გულნარა ქარიმოვამ, ამჟამინდელ პრეზიდენტს, შავქათ მირზიოევს სთხოვა, დაეხმაროს ციხიდან გამოსვლაში. ქარიმოვა აღნიშნავს, რომ თუკი მისი პატიმრობის ვადის ათვლა მოხდება იმ მომენტიდან, როცა ის დააკავეს 2014 წელს, მაშინ უკვე გათავისუფლებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს არ მომხდარა. უფრო მეტიც - აგვისტოში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღიძრა.

უზბეკეთის აწ გარდაცვლილი პრეზიდენტის ქალიშვილმა წამოაყენა წინადადება, დაიხუროს მისი საქმე. სანაცვლოდ ის მზადაა, უარი თქვას ნებისმიერ პრეტენზიაზე შვეიცარიის ბანკის ანგარიშზე გაყინულ 700 მილიონამდე დოლარზე.

გულნარა ქარიმოვა ორჯერ გაასამართლეს კორუფციასა და გადასახადებისთვის თავის არიდებასთან დაკავშირებული ბრალდებებით. პირველი განაჩენი მას 2015 წელს გამოუტანეს.

მაია ცქიტიშვილი: ქილიკის ნაცვლად, ვიამაყოთ ქართული სუფრით

მაია ცქიტიშვილი, საქართველოს რეგიონული განვთარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განმარტებით, ქართული სუფრისთვის ეროვნული სტატუსის მინიჭება არის პრაქტიკა, რომელსაც ბევრი ქვეყანა მიმართავს თავისი კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციის მიზნით. იგი ამბობს, რომ სამწუხაროა, რომ მედიაში ეს საკითხი ქილიკისა და ხუმრობის საგანი გახდა.

ქართული სუფრა ქეიფი არ არის, ეს ტრადიციაა, - უთხრა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს:

„ქართულ სუფრას აქვს ძალიან დიდი ტრადიცია. პირველ რიგში ის ტრადიცია, რომ ქართველებს გვყავს თამადა, გვაქვს სადღეგრძელოები, რომლებსაც იცით, რომ თავისი თანმიმდევბრობაც კი აქვს. და გარდა ამისა, ქართული სუფრა არის ქართული პოლიფონია, ქართული სუფრის წარმართვის მეთოდი, ღვინო და ასე შემდეგ. და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ასეთი ტიპის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებაზე, ეს არის საშუალება, რომ ჩვენ უმაღლეს დონეზე მოვახდინოთ ჩვენი ეროვნული იდენტობის პოპულარიზაცია. პრაქტიკულად ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, შემდგომში ხდება იუნესკოს არამატერიალური მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი. ისევე როგორც ღვინის ქვევრში დაყენების ტექნოლოგია გახდა, როგორც ქართული პოლიფონია და ანბანი გახდა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებად აღიარებულ „ქართულ მრავალხმიანობასა“ და „ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართულ სუფრას)“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა, - ინფორმაცია ამის თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 19 თებერვალს გაავრცელა. სამინისტროს თანახმად, გადაწყვეტილების მიზანია უნიკალური ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაცია, მათი შენარჩუნება და მომავალი თაობისთვის გადაცემა.

ტიკარაძე კორონავირუსის შესახებ: პირად კონტროლზე მყავს აყვანილი ეს პროცესი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ საქართველოში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საფრთხის რისკი მომატებულია.

„ამ ეტაპისთვის ახალ სუბიექტებზე საფრთხე გამოვლენილი არ არის, თუმცა დაკვირვების პროცესი მიმდინარეობს. ლუგარის ლაბორატორია მიმდინარე მოვლენებთან მიმართებით განცხადებას ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებს. პირად კონტროლზე მყავს აყვანილი ეს პროცესი. ყველა უწყება ერთობლივად ვმუშაობთ. საგარეო საქმეთა სამინისტროც აქტიურად არის ჩართული, ასევე სასაზღვრო სამსახურიც. აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია გვაქვს შემომავალ მგზავრებზე, ასევე იმ მგზავრებზე, რომლებიც ამ ეტაპზე დაკვირვების პროცესში იმყოფებიან. რა თქმა უნდა, საფრთხის რისკი მომატებულია, მაგრამ ამის მიუხედავად, ყველა ღონისძიება გვაქვს გატარებული, რაც მოსახლეობისთვის საფრთხის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს“, - თქვა ტიკარაძემ.

მინისტრი პასუხობს შეკითხვას, იგეგმება თუ არა ახალი კორონავირუსის გამო დამატებითი რეგულაციების შემოღება:

„თუ საჭირო გახდება, კიდევ უფრო გამკაცრდეს სასაზღვრო ზოლის დაცვა, რა თქმა უნდა, ამისთვისაც მზად ვართ. ჩვენ არ ვართ მომხრე, სრულიად ავკრძალოთ საქართველოში შემოსვლა, ვინაიდან საკმარისი რესურსი გაგვაჩნია იმისთვის, რომ პრევენციული კონტროლი გვქონდეს და შემოსულ მოქალაქეებს, რომლებსაც შესაბამისი დახმარება ესაჭიროებათ, მოვათავსოთ ისინი სტაციონარში ან კარანტინში გვყავდეს იზოლირებული“, - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი. მის განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

სარატოვში ორი მოზარდი, სავარაუდოდ, სკოლაზე ტერორისტულ თავდასხმას ამზადებდა

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა (ფსბ) სარატოვში დააპატიმრა ორი მოზარდი, რომელიც, სავარაუდოდ, სკოლაზე ტერორისტულ თავდასხმას ამზადებდა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იტყობინება.

გამომძიებელთა თანახმად, 14 და 15 წლის მოზარდები, სულ მცირე, ორმოცი ადამიანის მოკვლას გეგმავდნენ შურისძიების სახით. მოსწავლეები სასწავლო დაწესებულებაზე თავდასხმას აპირებდნენ ცეცხლსასროლი იარაღისა და აალებადი ნივთიერებების გამოყენებით. ფსბ-ს თანამშრომლებმა მოზარდები დააკავეს მიტოვებულ ბომბსაცავში, სადაც ისინი სანადირო თოფებს ინახავდნენ. მოზარდებზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ორი ან მეტი პირის მკვლელობის მომზადების მუხლით.

ფსბ-მ განაცხადა, რომ მოსწავლეები გაწევრიანებული იყვნენ „საინტერნეტო ჯგუფებში, რომლებიც მასობრივი მკვლელობების პროპაგანდას ეწევიან“.

გასულ კვირაში ფსბ-მ განაცხადა, რომ მისმა თანამშრომლებმა ჩაშალეს სკოლაზე თავდასხმა ქალაქ ქერჩში, რუსეთის მიერ კონტროლირებად ყირიმის ნახევარკუნძულზე. ახლო აღმოსავლეთის ქალაქ ხაბაროვსკის სასამართლომ კი მოზარდს რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა სკოლაზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის მომზადებისთვის.

მარიანა ჩოლოიანის საქმის არსებითი განხილვა 4 მარტს გაგრძელდება

მარიანა ჩოლოიანი

ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ბრალდებით დაკავებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 26 თებერვალს, დაიწყო. სხდომა 4 მარტისთვის გადაიდო. როგორც ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სხდომის გადადების მიზეზი ბრალდების მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობა გახდა:

"ბრალდების მხარემ წარადგინა შუამდგომლობა, რითაც ითხოვდა დამატებითი მტკიცებულების დართვას განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე. შესაბამისად დაცვის მხარემ მოითხოვა გონივრული ვადა, რათა გაეცნოს წარმოდგენილ შუამდგომლობას და შუამდგომლობაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ამ მიზნით მოსთხოვა სასამართლოს ვადა და პროცესი გადაიდო", - აღნიშნა გაგი მოსიაშვილმა.

სხდომას არ დასწრებია ბრალდებული - ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განმარტებით, მარიანა ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და იგი კლინიკაში რჩება.

„მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით იმაზე მეტს, რომ იგი გადის შესაბამის მკურნალობას, ვერაფერს გეტყვით. სასამართლო პროცესს რაც შეეხება, ჩვენ აუდიენცია გვქონდა მარიამ ჩოლოიანთან. მისი პოზიციაა, რომ საქმე არ გაჭიანურდეს და საქმის განხილვა გაგრძელდეს", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა სასამართლოში პროცესის დაწყების წინ. მისი თქმით, მარიანა ჩოლოიანის დაცვის მხარე სამართლებრივი ბრძოლისთვის მზად არის, რათა გამომძიებლის უდანაშაულობა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზევე დადასტურდეს და „სპეკულირებას საბოლოო წერტილი დაესვას“.

მარიანა ჩოლოიანი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 26 თებერვალს ღამით გადაიყვანეს. ადვოკატების ცნობით, მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დამატებით დასჭირდა გამოკვლევები, რომელთა ჩატარებაც პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში ვერ მოხერხდა.

მარინა ჩოლოიანი არ დასწრებია არც 12 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომას, რომელზეც იმსჯელეს მისთვის მტკიცებულებების დასაშვებობისა და აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის - გადახედვის საკითხზე. სხდომის წინ მან სასამართლოს წერილობით აცნობა, რომ პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრებოდა.

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში 20 დეკემბერს გადაიყვანეს. მანამდე ის ჯანმთელობის მდგომარეობის გამო კლინიკაში იმყოფებოდა.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ, თვითმკვლელობის მიზნით გადავარდა შენობიდან, 17 დეკემბერს გარდაიცვალა საავადმყოფოში.

ვანო მერაბიშვილი პოლონეთში ვიზიტით და სამკურნალოდ გაემგზავრება

ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც საპატიმრო 20 თებერვალს დატოვა, 27 თებერვალს პოლონეთში გაემგზავრება. ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც ფეიბუკზე ვანო მერაბიშვილის გვერდზე გავრცელდა.

„ხვალ დილით, ვანო მერაბიშვილი მიემგზავრება პოლონეთის რესპუბლიკაში, სადაც სეიმის ხელმღვანელობის მოწვევით, მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებებში.

ამის შემდეგ, ის აპირებს გადაუდებელი მკურნალობის კურსის ჩატარებას.

როგორც ცნობილია, პატიმრობის თითქმის 7 წლის მანძილზე მას განზრახ არ გაუწიეს სათანადო სამედიცინო მომსახურება. მკურნალობის შემდეგ მერაბიშვილი დაბრუნდება საქართველოში“, - ნათქვამია ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ვანო მერაბიშვილმა 20 თებერვალს დატოვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მეცხრე დაწესებულება (ე.წ. მატროსოვის ციხე), სადაც 6 წელი და 9 თვე გაატარა.

მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვისა (უმუშევართა აღრიცხვის და დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების დროს 5,2 მლნ ლარის გაფლანგვა; კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისება) და ამომრჩევლის მოსყიდვის (2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა) ბრალდებით.

დაპატიმრებამდე ვანო მერაბიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი იყო.

დავით ზალკალიანმა ევროსაბჭოს მინისტერიალის სტრასბურგში გადატანა სახელმწიფო ინტერესებით ახსნა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ზალკალიანმა სახელმწიფო ინტერესების და ევროსაბჭოს წესდების შესაბამისი გადაწყვეტილება უწოდა თბილისის ნაცვლად კომიტეტის სხდომის სტრასბურგში ჩატარებას.

„ჩვენ ვიმოქმედეთ სრულ თანხვედრაში ამ ორგანიზაციის წესდებასთან შესაბამისობაში, ჩვენი კანონმდებლობის და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, რადგანაც არ უნდა მიეცეს არცერთ ძალას იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში მოახდინოს დესტაბილიზაცია, ესკალაცია, ამ საკითხის გამოყენება სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესებისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული, ყოველდღიური გამოწვევები, ამიტომ, მსგავსი სახის მოვლენების განვითარება იყო ყოვლად მიუღებელი და ჩვენ ვიმოქმედეთ სწორედ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამას გაგებით მოეკიდება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

ზალკალიანის თქმით, დესტაბილიზაციაზე საუბრისას არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე ძალებსაც გულისხმობს: „ნებისმიერს შეუძლია, როდესაც მსგავსი დაძაბულობა და პოლარიზაცია არსებობს ქვეყანაში, ნებისმიერი საკითხი გამოიყენოს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე“.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს სურდა, რომ მინისტერიალი თბილისში ჩატარებულიყო, რადგან ევროსაბჭოს წევრი 47 ქვეყნის დელეგაციების მონაწილეობით მსგავსი მაღალი დონის ღონისძიების მასპინძლობა უპრეცედენტო იქნებოდა.

დავით ზალკალიანის ინფორმაციით, 2019 წლის ნოემბრის შემდეგ, როცა საქართველო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდა, ორგანიზაციის გენერალურ სამდივნოსთან კონსულტაციები მიმდინარეობდა და განიხილავდნენ ყველა შესაძლო სცენარს, რათა არ დაზიანებულიყო საქართველოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის რეპუტაცია. ზალკალიანის თქმით, საქართველოს მინისტერიალის მასპინძლობას ავალდებულებდა ევროსაბჭოს წესდება, თუმცა, არ უნდა დაზიანებულიყო საქართველოს კანონმდებლობა რუსეთის დელეგაციის მონაწილეობის გამო. მინისტრის განცხადებით, ამ ვითარებას ევროსაბჭოს მხრიდან სრული გაგება მოჰყვა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ არსებობს 4-5 პრეცედენტი, როცა თავმჯდომარე ქვეყანამ მინისტერიალი სტრასბურგში ჩაატარა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს თავმჯდომარეობა წარმატებულად მიმდინარეობს და ქვეყნის მიერ შერჩეული პრიორიტეტები აღიარებულია, როგორც ნოვატორული და კრეატიული.

მინისტრის თქმით, გული წყდება, რომ კომიტეტის სხდომა თბილისში არ ჩატარდება, რადგან ეს იქნებოდა შესაძლებლობა, საქართველოს, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეულ წევრს, წარმატებული თავმჯდომარეობა სწორედ თბილისში დაესრულებინა.

დღეს, 26 თებერვალს სტრასბურგში, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ მაისში, ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება.

საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომისთვის უნდა ემასპინძლა, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანას, თუმცა, მინისტერიალის თბილისში ჩატარებამ საზოგადოების ნაწილში პროტესტი გამოიწვია რუსეთის დელეგაციის მოსალოდნელი სტუმრობის გამო.

მინისტერიალში, ტრადიციულად, მონაწილეობენ ევროსაბჭოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ჩამოსვლის შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს გეგმავდნენ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის ნაწილი. ლავროვს დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

საქართველო 2019 წლის 27 ნოემბერს, ნახევარი წლით გახდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა. მან ეს უფლებამოსილება საფრანგეთისგან გადაიბარა.

საქართველომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის ოთხი პრიორიტეტი განსაზღვრა:

ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა;

სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება;

დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისში აღარ ჩატარდება

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისის ნაცვლად სტრასბურგში ჩატარდება. გადაწყვეტილება დღეს მიიღეს სტრასბურგში, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე.

საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომისთვის უნდა ემასპინძლა, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანას, თუმცა, მინისტერიალის თბილისში ჩატარებამ საზოგადოების ნაწილში პროტესტი გამოიწვია რუსეთის დელეგაციის მოსალოდნელი სტუმრობის გამო.

მინისტერიალში, ტრადიციულად, მონაწილეობენ ევროსაბჭოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ჩამოსვლის შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს გეგმავდნენ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის ნაწილი. ლავროვს დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

საქართველო 2019 წლის 27 ნოემბერს, ნახევარი წლით გახდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა. მან ეს უფლებამოსილება საფრანგეთისგან გადაიბარა.

5 წლით პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელიც ქალს სექსუალურ კავშირს აიძულებდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა პირს, რომელიც ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების მუქარის გზით სექსუალურ კავშირს აიძულებდა. გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები:

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ზ.ქ.-მ უკანონოდ მოიპოვა ს.გ.-ს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები, რომლებიც 2019 წლის იანვარში დაზარალებულის მეგობარს გადაუგზავნა. ზ.ქ. აღნიშნული მასალის გავრცელებისა და ოჯახის წევრებთან გადაგზავნის მუქარით, დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა და 300 ლარის გადაცემას მოითხოვდა“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი 2019 წლის იანვარში სიღნაღში დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სქესობრივი კავშირის იძულებისა და გამოძალვისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით.

ადგურ არძინბა: არანაირი დიალოგი საქართველოსთან, ის ჩვენი მტერია

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი და პრეზიდენტობის კანდიდატი ადგურ არძინბა საქართველოსთან დიალოგის წინააღმდეგია, მან ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა.

„თქვენ იცით, როგორი ძლიერი მხარდაჭერა აქვს ჩვენს მტერს. ისინი დღედაღამ აძლიერებენ თავიანთ ჯარს. საქართველოსთან არანაირი დიალოგი არ უნდა იყოს. ის ჩვენი მტერია. ამაზე ფიქრიც დაუშვებელია. ჩვენ გვაქვს ენერგეტიკის საკითხები, რომლებზეც ერთად ვმუშაობთ. ვისთან უნდა გვქონდეს დიალოგი? იმ ადამიანებთან, რომლებიც დილიდან საღამომდე სწავლებებს გადიან და წარმოუდგენიათ, თუ როგორ გადმოსხდებიან სოხუმში? აღიარონ ჩვენი დამოუკიდებლობა, ისაუბრონ იმ ზარალზე, რაც ჩვენს ეკონომიკას მიაყენეს. შემდეგ ვისაუბრებთ“, - აღნიშნა არძინბამ.

სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბრობენ ოპოზიციური კანდიდატის ასლან ბჟანიას გუნდის წევრები. ამ საკითზე ნაწილობრივ თავად ბჟანიამაც ისაუბრა.

„დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, მან დადებითი შედეგი მოგვცეს.

ჩემი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს, ამ დიალოგში რამდენი მხარე მიიღებს მონაწილეობას. ამ თემაზე მე მაქვს ჩემი საკუთარი მოსაზრება და მზად ვარ, იგი გავაჟღერო ნებისმიერ აუდიტორიაში...

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამ დიალოგში რამდენი მხარე იქნება ჩართული. მთავარია, ამ პროცესში ჩართული იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სურთ პროცესის ადამიანურ და მშვიდობიან ჩარჩოებში მოქცევა.

ვფიქრობ, რომ უპირველეს ყოვლისა აუცილებელია მხარეებს შორის ნდობის აღდგენა. ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები და დარწმუნებული ვარ, ეს ხელს შეგვიწყობს ჩვენი პოზიციების დაახლოებაში. ამგვარი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეკონომიკურ სფეროში“, - თქვა ბჟანიამ.

„იმაზე საუბარი რომ დიალოგი არ გვჭირდება, სისულელეა და ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ეს ჭკვიანმა ადამიანებმა თქვან“, - განაცხადა პარტია „ერთიანი აფხაზეთის“ წარმომადგენელმა სერგეი შამბამ.

აფხაზეთის ფე დაქტო რესპუბლიკაში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს ჩატარდება. მასში მონაწილეობენ ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია, აფხაზეთის ე.წ. მთავრობის წარმომადგენელი, ვიცე-პრემიერი ადგურ არძინბა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ლეონიდ ძაპშბა.

ადვოკატი თოდუა: დავით სარალიძის მკვლელობის საქმის მოსამართლემ განაჩენით თავი ყულფში გაყო

ადვოკატი ზურაბ თოდუა

არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ მიხეილ კალანდიას მიერ დავით სარალიძის მკვლელობის დამამტკიცებელი არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს, გარდა სამი ჩვენებისა:

„პირველია ჯანაშიას მიერ მიცემული ჩვენება, რომლის საფუძველზეც მან საპროცესო შეთანხმება მიიღო, მეორეა ბარბაქაძის ჩვენება, რომელიც ცდილობდა მიეღო საპროცესო შეთანხმება, მაგრამ არ მიიღო იმის გამო, რომ დადუნაშვილის ოჯახმა პრინციპული პოზიცია დაიკავა, და მესამე გახლავთ მენაბდის ჩვენება, რომლის მიმართ გამოძიებას უამრავი კითხვა უნდა ჰქონდეს და ამ ბავშვის მიმართ ცალკე არის თემა სამსჯელი“, - აღნიშნა ზურაბ თოდუამ. მისი განმარტებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტით დაუშვებელია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძვლად იმ პირის ჩვენების გამოყენება, რომლის მიმართაც გაფორმებულია საპროცესო შეთანხმება:

„ამიტომ ვაცხადებ, რომ თუ მარსაგიშვილმა გაბედა და ეს გააკეთა, ჩათვალეთ, რომ მან გაყო ყულფში თავი. თუ ესეც არ გააკეთა და ისე დაასაბუთა ეს განაჩენი, მით უფრო უარესი მისთვის“, - აღნიშნა ზურაბ თოდუამ. იგი განაჩენის სამოტივაციო ნაწილის გამოცხადებამდე აცხადებს, რომ მიხეილ კალანდიას მკვლელობაში ბრალეულობის მტკიცებულებები არ არსებობს, გარდა იმ ჩვენებებისა, რომლებსაც საპარლამენტო კომისიის სხდომებზე ბავშვები „მშობლების დახმარებით გაზეპირებული ფრაზებით“ იმეორებდნენ.

ადვოკატი ამბობს, რომ მიხეილ კალანდია ზაზა სარალიძის დასამშვიდებლად დააკავეს. ზაზა სარალიძე კი, თავის მხრივ, გამოიყენეს პოლიტიკურმა პარტიებმა:

„ჩვენმა ზოგიერთმა ბინძურმა პოლიტიკურმა პარტიამ, არასამთავრობო ორგანიზაციამ გადაწყვიტეს გაუბედურებული ადამიანის მხარზე პოლიტიკური დივიდენდების აგორება, დაარწმუნეს ეს ადამიანი, რომ აქ იმიტომ არ ხდება ზოგიერთი საკითხი, რომ ამ ბავშვის უკან არის მირზა სუბელიანი, რომელსაც გააჩნია ივანე მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები და მოდი ეს გამოვიყენოთო. დაარწმუნეს ეს ადამიანი, რომ კალანდიას იმიტომ არ აძლევენ პასუხისგებაში, რომ მირზა სუბელიანი დაემუქრა ხელისუფლებას, თქვენ თუ კალანდიას დაიჭერთ, მე ტრაპიზონში მაქვს კადრები. ამან იმუშავა ყველაზე მეტად“, - განაცხადა ადვოკატმა. მისი თქმით, დაცვის მხარე მზადაა, განაგრძოს სამართლებრივი ბრძოლა ზაზა სარალიძის საქმეში მიხეილ კალანდიას უდანაშაულობის დასამტკიცებლად.

25 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში. მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა მიხეილ კალანდიას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი შეუმცირა და, საბოლოოდ, საპატიმრო სასჯელად განუსაზღვრა 11 წელი და 3 თვე.

2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, არასრულწლოვან დავით სარალიძეს მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობები. მასთან ერთად მოკლეს ლევან დადუნაშვილი.

არასრულწლოვნების მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ორი არასრულწლოვანი - გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე.

დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე გამოძიების მიმდინარეობისას მუდმივად აცხადებდა, რომ მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეობდა მიხეილ კალანდიაც. კალანდიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება იყო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უმთავრესი რეკომენდაცია.

დავით ზალკალიანი ყირიმის ანექსიის 6 წლისთავს განცხადებით ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, როგორც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, განცხადებით გამოეხმაურა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის 6 წლისთავს.

დავით ზალკალიანის განცხადება ევროსაბჭოს ვებსაიტზე გამოქვეყნდა.

„წელს აღინიშნება რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან 6 წლისთავი.

როგორც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩემი ცალსახა მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ გვახსოვს მსხვერპლთა ოჯახები და ყველა, ვინც კონფლიქტით დაზარალდა. ყველას გვსურს, რომ ეს კონფლიქტი დასრულდეს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია მინსკის შეთანხმებების სრულად განხორციელება და აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება.

უკვე გადაიდგა რამდენიმე ხელშემწყობი ნაბიჯი, როგორიც იყო შარშან ნორმანდიის ფორმატში პატიმართა გაცვლა. ევროსაბჭო კვლავაც შეშფოთებულია ყირიმში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესებული სიტუაციით, განსაკუთრებით უმცირესობებთან დაკავშირებით“, - აცხადებს დავით ზალკალიანი.

კიდევ უფრო მეტი ქვეყანა აცხადებს კორონავირუსის ახალი შემთხვევების შესახებ

ახალი კორონავირუსის შემთხვევები უკვე 30-ზე მეტ ქვეყანაშია აღმოჩენილი, ვირუსი ხუთ ადგილასაა კონცენტრირებული, რაც ზრდის შეშფოთებას, რომ მის შეკავების ძალისხმევას შედეგი არ მოჰყვა და ახლოს არის პანდემიის დასაწყისი.

შემთხვევათა უმრავლესობა აღირიცხა ჩინეთში, სადაც ვირუსი დეკემბერში გამოჩნდა, ისევე, როგორც იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, იტალიასა და ირანში. 26 თებერვალს ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრმა გამოაცხადა, რომ შემოწმება უტარდება პირს, რომელმაც ახლახან იტალიაში იმოგზაურა. დადასტურების შემთხვევაში, ეს სამხრეთ ამერიკაში ვირუსის პირველი შემთხვევა იქნება.

კორონავირუსის პირველი შემთხვევების შესახებ გამოაცხადა ევროპის რამდენიმე ქვეყანამ - ავსტრიამ, ხორვატიამ, ესპანეთმა და შვეიცარიამ - შემთხვევები მოიცავს პირებს, რომლებიც ახლახან იტალიაში იყვნენ ჩასული. კორონავირუსის შემთხვევის აღმოჩენის შესახებ აცხადებს ალჟირიც. იტალიაში ვირუსით დაავადდა 330-ზე მეტი ადამიანი, დაიღუპა 11.

ბოლო დღეებში ვირუსის პირველი შემთხვევების აღმოჩენის შესახებ ასევე გამოაცხადეს ავღანეთმა, ბაჰრეინმა, ერაყმა, ქუვეითმა და ომანმა, ყველა შემთხვევა ეხება პირებს, რომლებიც ამ ქვეყნებში ირანიდან ჩავიდნენ. ირანში ვირუსით 100-მდე ადამიანია დაავადებული, ოფიციალური მონაცემებით, იქ ვირუსს 15 ადამიანი ემსხვერპლა - თუმცა არის ცნობები, რომ ირანი მალავს ვირუსის გავრცელების რეალურ მასშტაბს.

ფინანსთა მინისტრი: რკინიგზის პრივატიზაცია შესაძლებელია

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს რკინიგზის პრივატიზაცია შესაძლებელია და ამ მიმართულებით მთავრობამ შეიძლება იფიქროს. ამის თაობაზე ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020“ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი სიტყვებით, არსებობს ევროკავშირის საუკეთესო მაგალითები, როდესაც ლიანდაგი და ძირითადი ინფრასტრუქტურა რჩება სახელმწიფოს ხელში და გადაზიდვები, მათ შორის, „ტრეიდინგი“ არის კომერციალიზებული.

„90-იან წლებში, როცა ლიბერალური ფრთის ეკონომისტებს ეკითხებოდნენ, რას ურჩევთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, რუსეთს, ამბობდნენ, სამ რამეს ვურჩევთო - „პრივატიზაციას, პრივატიზაციას, პრივატიზაციას!“, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ათწლეულების განმავლობაში ამ სიტყვას უარყოფითი ელფერი მიეცა და ეშინიათ კიდეც მთავრობებს. ეს არ არის მხოლოდ საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც ფრთხილობენ, რადგან ეს არის სტრატეგიული ობიექტი.

იყო საუბარი, რკინიგზის პრივატიზაცია არის თუ არა შესაძლებელი, როცა ის სტრატეგიული ობიექტია. აქ ორ ყოფით მაგალითს გეტყვით - ჩვენს ოჯახში, ბინებში დენი, წყალი, გაზი, ინტერნეტი - ყველა კერძო კომპანიის მიერ მოგვეწოდება. ჩვენს შვილებს სითბო ექნება თუ არა, ამაზე სტრატეგიულია, ზემოთ ვაგონი რომ გაივლის რკინიგზაზე? ამ მიმართულებით ფიქრი შეიძლება“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა და დასძინა, რომ „ეს არა მარტო შეიძლება, ამ მიმართულებით უნდა ვიფიქროთ“.

მისი თქმით, იგივე სიტუაციაა ენერგეტიკაშიც, „დიდი ნაწილი პრივატიზირებულია - გენერაციის და გადაცემის დიდი ნაწილი, საცალო დისტრიბუციაც პრივატიზირებულია, იქაც შეგვიძლია სურათი უფრო გლობალურად დავინახოთ, რადგან სივრცე არის“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

სლოვაკმა კანონმდებლებმა მხარი არ დაუჭირეს საერთაშორისო კონვენციას ქალთა უფლებებზე

სლოვაკეთის ერთპალატიანმა პარლამენტმა 25 თებერვალს გამართულ კენჭისყრაზე უარყო საერთაშორისო კონვენცია ქალთა უფლებებზე.

150 ადგილისგან შემდგარ ეროვნულ საბჭოში დამსწრე 113 პარლამენტარიდან 96-მა უარი განაცხადა რატიფიცირებაზე სტამბოლის კონვენციის სახელით ცნობილი ხელშეკრულებისა, რომელსაც ასევე ეწოდება "ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია".

კონვენცია ევროპის საბჭომ 2011 წელს მიიღო, ევროპაში ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემასთან საბრძოლველად. მისი უარყოფის მოწოდებით გამოვიდა სლოვაკეთის ულტრანაციონალისტური ორიენტაციის ეროვნული პარტია, რომელიც მმართველი კოალიციის წევრია და მას მხარი დაუჭირა ძირითადმა მმართველმა პარტიამ, მემარცხენე ორიენტაციის სმერმა - სოციალ დემოკრატიამ. ეროვნული პარტიის წევრებმა პრეზიდენტ ზუზანა ჩაპუტოვას მოუწოდეს, ევროპის საბჭოს შეატყობინოს, რომ სლოვაკეთი კონვენციის გარეთ რჩება. კონვენციის წინააღმდეგ მისცა ხმა ასევე ოპოზიციურმა, ულტრამემარჯვენე სახალხო პარტია - ჩვენმა სლოვაკეთმა.

ძირითადად კათოლიკე სლოვაკეთში კონვენციის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ დოკუმენტი ბოლოს მოიტანს მესამე სქესის ოფიციალურ აღიარებას და ქორწინების დაკანონებას ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის.

საქართველოში სტამბოლის კონვენცია 2017 წლის პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში.

ტრამპმა ერთი წლით გააგრძელა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთი წლით გააგრძელა ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებული სანქციების მოქმედების ვადა.

რუსეთის მოქმედება უკრაინაში, მათ შორის, ყირიმის ანექსია და აგრესია დონბასში „ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესს და ინსტიტუტებს უკრაინაში“ და, უკრაინის გარდა, საფრთხეს უქმნის აშშ-ის საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უშიშროებას, - ნათქვამია თეთრი სახლის საიტზე 25 თებერვალს გამოქვეყნებულ დოკუმენტში.


სიმბოლურია, რომ დონალდ ტრამპის მიერ მისი წინამორბედის, ბარაკ ობამას, მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების გაგრძელება ემთხვევა რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის მეექვსე წლისთავს.

2014 წლის 27 თებერვლის გარიჟრაჟზე მწვანე უნიფორმიანმა შეიარაღებულმა პირებმა, რომელთაც ამოსაცნობი ნიშნები არ ჰქონდათ, შტურმით აიღეს რეგიონული პარლამენტი სიმფეროპოლში და შენობაზე რუსეთის დროშა აღმართეს. ასე დაიწყო ნახევარკუნძულის ოკუპაცია, რომელსაც სულ მალე რუსეთის მიერ ორგანიზებული უკანონო „რეფერენდუმიც“ მოჰყვა.

კრემლი უარყოფს ყირიმის ანექსიას და აცხადებს, რომ ყირიმი რუსეთს ნებაყოფლობით „შეუერთდა“.

თეთრი სახლის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები მომავალი წლის 6 მარტამდე იმოქმედებს.

რელიგიურ ნიადაგზე შეტაკებების ფონზე, ინდოეთის პრემიერი "ძმობის" მოწოდებით გამოდის

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი გამოდის სიმშვიდის დამყარების მოწოდებით, იმ ფონზე, როცა ინდუიზმის მიმდევრებსა და მუსლიმ უმცირესობას შორის რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელებულმა შეტაკებებმა დედაქალაქში სულ მცირე 20 ადამიანი იმსხვერპლა.

"მივმართავ ჩემს დებს და ძმებს დელიში, ყველა ვითარებაში შეინარჩუნონ მშვიდობა და ძმობა", - წერს მოდი ტვიტერზე 26 თებერვალს. მისი თქმით, "სიტუაცია დეტალურად განიხილა" და "პოლიცია და სხვა სააგენტოები ადგილზე მუშაობენ მშვიდობის და ნორმალური ვითარების უზრუნველსაყოფად".

დელიში 23 თებერვალს დაიწყო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე სისხლიანი ძალადობა, რომელიც მოჰყვა დემონსტრაციებს ახალი, კამათის საგნად ქცეული კანონის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. მოგვიანებით შეტაკებებმა რელიგიური ელფერი მიიღო, გავრცელდა ცნობები, რომ ადამიანებს მათი სარწმუნეობრივი კუთვნილების მიხედვით ესხმოდნენ თავს. ფოტოები, ვიდეოჩანაწერები და სოციალური მედიის ანგარიშები აჩვენებდა სურათებს, როგორ სცემდნენ მოძალადე ჯგუფები შეუიარაღებელ მამაკაცებს, ქუჩებში მოსიარულე, ჯოხებით და ხელკეტებით შეიარაღებულ ჯგუფებს და დაპირისპირებულ რელიგიურ ჯგუფებს. ძალადობა დაემთხვა ინდოეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვიზიტს.

უთანხმოების საგნად ქცეული კანონი მოიცავს შესწორებას მოქალაქეობის კანონმდებლობაში და მოქალაქეობის მიღების სწრაფ გზას სთავაზობთ არამუსლიმ უკანონო მიგრანტებს მეზობელი, ძირითადად მუსლიმური ქვეყნებიდან - ბანგლადეშიდან, პაკისტანიდან და ავღანეთიდან.

ოპოზიციაში უარყოფენ თბილისის მაჟორიტარობის კონკრეტულ კანდიდატებზე შეთანხმებას

ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში 2019 წლის ნოემბრიდან ტარდება

საარჩევნო სისტემის შესაცვლელად გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უარყოფენ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკვე მიღწეულია შეთანხმება თბილისის ოლქებში მაჟორიტარი დეპუტატობის კონკრეტულ კანდიდატებზე.

ერთ-ერთ კანდიდატად დასახელებულმა „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დღეს, 26 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გავრცელდა სრულიად გაუგებარი ინფორმაცია, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება: „არანაირი შეთანხმება არც ჩემსა და არც „სამოქალაქო მოძრაობის“ სხვა ლიდერებს შორის დანარჩენ ოპოზიციასთან ამ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა. იყო მხოლოდ აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მაგრამ არანაირი შეთანხმება ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. ჩვენ ვადასტურებთ, რომ საერთო ოპოზიციური კანდიდატების შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული თემაა, მაგრამ ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია“.

ელისაშვილი მიიჩნევს, რომ საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე უნდა შეთანხმდნენ გამჭვირვალედ, სამართლიანად და საზოგადოებისთვის გასაგებად და არა დახურულ კარს მიღმა გარიგებებით: „და თუ ვინმეს უნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ დაეხმაროს ხელისუფლების შენარჩუნებაში და ივანიშვილს დაეხმაროს, მაშინ სწორედ ეს ტაქტიკა არის, რაღაც გაუგებარი ინფორმაციის გავრცელება არარსებულ შეთანხმებებზე“.

თბილისის მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არასწორი უწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ კონკრეტულ კანდიდატებზე მსჯელობა ჯერ პარტიაშიც კი არ ჰქონიათ: „თბილისში არის 22 ოლქი და აქედან ექვსი კანდიდატის ჩვენებამ გამოიწვია გაურკვევლობა, მით უმეტეს, როდესაც ეს საუბარია ერთ ან ორ პარტიაზე“.

გოცირიძის განცხადებით, ოპოზიცია კონკრეტულ კანდიდატებზე მსჯელობას მას შემდეგ დაიწყებს, რაც ოლქები პარტიების მიხედვით განაწილდება.

ამასთან, კანდიდატების ნაწილზე შეთანხმების შესახებ საუბრობენ „ევროპულ საქართველოში“, თუმცა, ამბობენ, რომ ჯერჯერობით არანაირი სია არ არსებობს.

„არანაირი სია გამზადებული არ არის. არასოდეს არ ყოფილა ამაზე საუბარი ჩვენი მხრიდან“, - უთხრა ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ. მისი თქმით, საუბარი იყო იმაზე, რომ მუშაობა მიმდინარეობს მაჟორიტარ კანდიდატებზე და ნაწილ ოლქებში არის შეთანხმება: „ოღონდ, ნაწილში არ არის და ეს არის სამუშაო პროცესი და ჩვენ გვაქვს იმის მოლოდინი და ამბიცია, რომ მალე ეს სია შევათანხმოთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წასვლით და მისი ოპოზიციაში გადასვლით არის დაინტერესებული“. კაპანაძის განცხადებით, „ევროპულ საქართველოს“ არასდროს უთქვამს, რომ რომელიმე ოლქი საბოლოოდ შეთანხმებულია ყველასთან და არასწორი და ცუდია, თუ ვინმემ ასე გაიგო.

25 თებერვალს, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპოზიცია შეთანხმდა რამდენიმე მაჟორიტარ კანდიდატზე, რომლებსაც თბილისში წარადგენს. ტელეკომპანიამ ამ კანდიდატებად დაასახელა „ლეიბორისტული პარტიის“, „ახალი საქართველოს,“ „თავისუფალი დემოკრატების“ და „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერები, შალვა ნათელაშვილი, გიორგი ვაშაძე, შალვა შავგულიძე და ალეკო ელისაშვილი, „ნაციონალური მოძრაობიდან“ - ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე, ლევან ხაბეიშვილი და ზაალ უდუმაშვილი და „ევროპული საქართველოდან“ - დავით ბაქრაძე და ელენე ხოშტარია.

სხვადასხვა იდეოლოგიის პარტიები მას შემდეგ გაერთიანდნენ, რაც 2019 წლის ნოემბერში „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ ვერ უზრუნველყო მის მიერვე ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების მიღება. კანონპროექტი ითვალისწინებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკვე 2020 წლიდან და არა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის, როგორც ეს მოქმედი კონსტიტუციითაა განსაზღვრული.

საარჩევნო სისტემის შესაცვლელად გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები კონსულტაციებს ნოემბრიდან მართავენ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში. ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ შესთავაზა „გერმანულ მოდელზე“ დაფუძნებული საარჩევნო სისტემა, რომელსაც მმართველი პარტია არ დათანხმდა და საპასუხოდ გამოთქვა ინიციატივა, რომ მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა 73-დან 50-მდე შემცირდეს, ხოლო პროპორციული წესით, ანუ სიით არჩეულთა რიცხვი გაიზარდოს 77-დან ასამდე. ოპოზიციამ ეს წინადადება არ გაიზიარა.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია მაჟორიტარული სისტემის საერთოდ გაუქმებას მოითხოვს, კონსულტაციებს აწარმოებს საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შესათანხმებლად და ამას არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების ალტერნატიულ ვარიანტად განიხილავს.

გიორგი გახარია: სერვისებზე ორიენტირებული ეკონომიკა ჩვენი ქვეყნის მომავალია

გიორგი გახარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020“ - სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკის საფუძველი და ხერხემალი არის თავისუფალი, ძლიერი ქართული ბიზნესი, რომელიც შექმნის სამუშაო ადგილებს. მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა ქვეყანაში განსაკუთრებული ბიზნესკლიმატი შეიქმნას ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი, სერვისების სფეროში:

„სერვისები ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკონომიკის მომავალია. ყველას კარგად გვესმის, რომ ამას სჭირდება ბევრი წელი, სერვისებს სჭირდება მაღალი დონის კომპეტენცია, სერვისზე ორიენტირებული ეკონომიკა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო არის პატარა ბაზარი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მთავრობის ინტერესია, რომ ქვეყანა გახდეს პირველ რიგში პლატფორმა, ჰაბი, დიდ ეკონომიკებს შორის ვაჭრობის, ბიზნესაქტივობისა და ინვესტიციების მომსახურების თვალსაზრისით. მისივე თქმით, დღეს საქართველო არის ტრანზიციის მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, რომლის ძირითადი მისწრაფება პოლიტიკური თვალსაზრისით არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეკონომიკური თვალსაზრისით კი - ღია, კონკურენტული ბაზარი.

კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2020“ ბრიტანული ჟურნალის - THE ECONOMIST წლიური გამოცემის „მსოფლიო 2020 წელს“ ეგიდით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით მეორედ ტარდება. წელს ღონისძიებაში მონაწილეობს 200-მდე პირი. მათ შორის, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი.

ლუკა სირაძის საქმის განხილვა იწყება - მას სავარაუდოდ არ დაესწრება ბრალდებული მარიანა ჩოლოიანი

მარიანა ჩოლოიანი

თბილისის საქალაქო სასამართლოში იწყება 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ იძულების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა. სასამართლო სხდომა 15 საათზეა დანიშნული. მას სავარაუდოდ არ დაესწრება ბრალდებული, არასრულწლოვნის იძულების ფაქტზე დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი.

მარინა ჩოლოიანი 26 თებერვალს ღამით პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ადვოკატების ცნობით, მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დამატებით დასჭირდა გამოკვლევები, რომელთა ჩატარებაც პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში ვერ მოხერხდა.

მარინა ჩოლოიანი არ დასწრებია არც 12 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომას, რომელზეც იმსჯელეს მისთვის მტკიცებულებების დასაშვებობისა და აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის - გადახედვის საკითხზე. სხდომის წინ მან სასამართლოს წერილობით აცნობა, რომ პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრებოდა.

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში 20 დეკემბერს გადაიყვანეს. მანამდე ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კლინიკაში იმყოფებოდა.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ, თვითმკვლელობის მიზნით გადავარდა შენობიდან, 17 დეკემბერს გარდაიცვალა საავადმყოფოში.

ჩინეთში კორონავირუსით დაავადების შემთხვევები იკლებს, სხვა ქვეყნებში შედარებით მატულობს

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მიერ დღეს, 26 თებერვალს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით (COVID-19) დაავადდა 406 ადამიანი, რაც 102-ით ნაკლებია წინა დღის მაჩვენებელზე. კორონავირუსით გარდაიცვალა 52 ადამიანი, რაც ბოლო სამი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალი რიცხვია.

დაავადებულთა რაოდენობით ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა სამხრეთი კორეა, სადაც კორონავირუსით ინფიცირების 169 ახალი შემთხვევა დაადასტურდა. საერთო რიცხვმა 1140-ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 10 ადამიანი.

იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოზე კორონავირუსით დაავადების 35 შემთხვევაა, რაც ტოკიოს მიღმა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 27 თებერვლიდან კუნძულზე რამდენიმე დღით დაიხურება დაწყებითი და საშუალო სკოლები. იაპონიაში სულ დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 164 შემთხვევა და კიდევ 691 - იაპონიის ტერიტორიულ წყლებში მყოფ საკრუიზო გემზე. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უნდა გაუქმდეს ან შემცირდეს უახლოესი ორი კვირის განმავლობაში დაგეგმილი სპორტული და კულტურული ღონისძიებები. იაპონიაში იზრდება შეშფოთება იმის გამო, რომ კორონავირუსმა შესაძლოა ტოკიოს წლევანდელი ოლიმპიადა ჩაშალოს.

სავარაუდოდ, კორონავირუსის პირველი შემთხვევაა ბრაზილიაში. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი დიაგნოზით, ვირუსი აქვს სან-პაულუში მცხოვრებ 61 წლის მამაკაცს, რომელიც ორი კვირით იტალიაში იმყოფებოდა. საკუთარ სახლში იზოლირებულ პაციენტს საბოლოო დიაგნოზისთვის მეორე ტესტი ჩაუტარეს. ბრაზილიამ გააძლიერა ქვეყანაში იტალიიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან ჩასული მგზავრების კონტროლი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევებია გერმანიის კიდევ ორ რეგიონში. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის ქალაქ ჰაინსბერგში კორონავირუსით დაავადებულია 47 წლის მამაკაცი, რომლის მდგომარეობა მძიმეა. კორონავირუსი დაუდგინდა ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალური მიწის ქალაქ გეპინგენში მცხოვრებ 25 წლის მამაკაცს, რომელიც იტალიის ქალაქ მილანში იმყოფებოდა. დღემდე გერმანიაში კორონავირუსის შემთხვევები იყო მხოლოდ ბავარიაში.

ევროპაში კორონავირუსის გავრცელების მხრივ, ყველაზე რთული ვითარებაა იტალიის ჩრდილოეთში. 26 თებერვლის დილის მონაცემებით, იტალიაში სულ გარდაცვლილია 11 ადამიანი და 300-ზე მეტი დაავადდა.

კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა ავსტრიაში, ერთი შვეიცარიაში, ერთი ესპანეთსა და ერთი ხორვატიაში. ხუთივე დაავადებული იტალიის ქალაქ მილანში იმყოფებოდა. ამ შემთხვევების დადასტურებამდე ესპანეთის კუნძულ ტენერიფეს ერთ-ერთ სასტუმროში კორონავირუსი აღმოაჩნდა იტალიელ ექიმს. სასტუმროს ათასამდე მცხოვრები იზოლირებულია.

კორონავირუსი აღმოაჩნდა ალჟირში ჩასულ იტალიის მოქალაქესაც.

იტალიის გარდა, სარისკო ზონად მიჩნეულია ირანი, სადაც, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილია 16 ადამიანი და ასამდე დაავადდა. ვირუსი აღმოაჩნდათ ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს და პარლამენტის დეპუტატსაც.

პნევმონიის გამომწვევი ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელება 2019 წლის დეკემბრიდან დაიწყო ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან.

კორონავირუსით მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში დაავადებულთა საერთო რიცხვი 80 000-ს აჭარბებს, გარდაცვლილების - 2700-ს. ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა ჩინეთზე მოდის.

სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ამერიკელი სამხედროც დაავადდა

სამხრეთ კორეის სანიტარული სამსახურის სპეციალისტები დეზინფექციას ატარებენ სეულის ბაზარში

სამხრეთ კორეამ, რომელიც კორონავირუსით(COVID-19) დაავადებულთა რაოდენობით ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა, ინფიცირების კიდევ 169 ახალი შემთხვევა დაადასტურა. მათ შორის კორონავირუსი აღმოაჩნდა კემპ-კეროლის ამერიკული სამხედრო ბაზის ჯარისკაცს. 23 წლის სამხედრო მოსამსახურე ბაზის ტერიტორიის მიღმა, კარანტინში მოათავსეს.

169 ახალი შემთხვევიდან 134 გამოვლენილია ქალაქ დეგუში, სადაც კორონავირუსი სწრაფად გავრცელდა ერთ-ერთი აპოკალიფსური სექტის წევრებს შორის. სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამჟამად ამოწმებს სექტის 200 ათასზე მეტ წარმომადგენელს.

26 თებერვლის დილის მდგომარეობით, სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაავადდა სულ 1146 ადამიანი. 10 გარდაიცვალა.

რუსმა სენატორმა ქართველ ჟურნალისტებს ეგზალტირებული ქალბატონები უწოდა

ალექსეი პუშკოვი

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის - ფედერაციის საბჭოს წევრი, დუმის ყოფილი დეპუტატი ალექსეი პუშკოვი აცხადებს, რომ ქართველი ჟურნალისტებისგან შეტევა არაერთხელ განუცდია და ისინი ნიმუშად იღებენ აგრესიულ-ისტერიული ჟურნალისტიკის მაგალითებს.

სენატორ პუშკოვის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ კომენტარს წინ უძღოდა ჟენევაში მომხდარი ფაქტი, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლავროვმა ქართველ ჟურნალისტებს ავადმყოფები უწოდა.

"რბილად რომ ვთქვათ, ქართველი ჟურნალისტი ქალები ძალიან ეგზალტირებული ქალბატონები არიან. მათი შეტევა არაერთხელ განმიცდია მოსკოვშიც, სტრასბურგშიც, ევროპის საბჭოშიც. მათ ჰგონიათ, რომ პასუხი ძირიანად უნდა ამოგგლიჯონ“, - წერს პუშკოვი ტვიტერზე. ალექსეი პუშკოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოში ხელმძღვანელობს საინფორმაციო პოლიტიკის და მასმედიასთან ურთიერთქმედების კომისიას.

„თქვენ ავად ხართ, გოგოებო“, - ასე მიმართა 25 თებერვალს, გაეროს ჟენევის ოფისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის და „იმედის“ ჟურნალისტებს, რომლებიც ცდილობდნენ პასუხის მიღებას შეკითხვაზე, დაესწრება თუ არა თბილისში, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომას.

დღეს გაირკვევა, ჩატარდება თუ არა ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისში

ევროპის საბჭოს შენობა სტრასბურგში

დღეს გაირკვევა, სად ჩატარდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა. გადაწყვეტილებას სტრასბურგში მიიღებენ მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე, რომელიც მაისში დაგეგმილი მინისტერიალის საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელებს.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის მასპინძლობა საქართველოს ევალება, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანას, თუმცა, მინისტერიალის თბილისში ჩატარება პროტესტს იწვევს რუსეთის დელეგაციის გამო. გამორიცხული არ არის, რომ კომიტეტის სხდომა სტრასბურგში გამართონ.

მინისტერიალში, ტრადიციულად, მონაწილეობენ ევროსაბჭოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ჩამოსვლის შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს გეგმავენ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის ნაწილი. ლავროვს დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

საქართველო 2019 წლის 27 ნოემბერს, ნახევარი წლით გახდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა. მან ეს უფლებამოსილება საფრანგეთისგან გადაიბარა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG