Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის მერობის კანდიდატად სანდრა რულოვსის დასახელება ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის


სანდრა რულოვსი
სანდრა რულოვსი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციაში ადასტურებენ, რომ მუნიციპალიტეტის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი.

პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ანა წითლიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ განიხილება რამდენიმე კანდიდატურა, მათ შორის სანდრა რულოვსი. წითლიძის ინფორმაციით, საკითხი საბოლოოდ გადაწყდება სავარაუდოდ, მარტის ბოლოს, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ადასტურებენ, რომ ზუგდიდის მერობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები დაიწყო, თუმცა, არ აკონკრეტებენ განიხილება თუ არა სანდრა რულოვსის კანდიდატურაც.

„სანდრა რულოვსი ესწრებოდა პოლიტიკური საბჭოს სხდომას და ალბათ, ამიტომაც გაჩნდა ეს ეჭვები ჟურნალისტებში. ის ხშირად ესწრება სხდომას. ეს ხომ არ ნიშნავს ამას... განიხილება რამდენიმე კანდიდატურა,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული სამსახურის უფროსმა გიორგი ბოტკოველმა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში სანდრა რულოვსი კენჭს იყრიდა ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატად. პირველ ტურში ვერც მან და ვერც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ედიშერ თოლორაიამ ვერ მიიღეს ხმების 50%-ზე მეტი. მეორე ტურში მონაწილეობაზე რულოვსმა უარი თქვა იმ მოტივით, რომ არჩევნები პირველ ტურში „მოპარეს.“

ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები 2019 წლის მაისში გაიმართება. ჯერჯერობით არცერთ პარტიას კანდიდატი ოფიციალურად არ დაუსახელებია.

ზუგდიდის მერად 2017 წლის ოქტომბერში არჩეულმა ლაშა გოგიამ, რომელიც „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო, თანამდებობა 2018 წლის სექტემბერში დატოვა. იმავე წლის ნოემბერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ლაშა გოგია დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით. ყოფილი მერი ბრალდებას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG