Accessibility links

site logo site logo

სერგი კაპანაძე: პრეზიდენტმა ვერ გაიგო, რომ მისი ყოველი ფრაზა, შესაძლოა, ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენონ


„ქალბატონი ზურაბიშვილი არ ეშვება ჩვენი ინტერესებისათვის ზიანის მიყენებას“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი სერგი კაპანაძე, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 19 მარტის განცხადებებს აგვისტოს ომისა და ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით:

„როგორც ჩანს, მან ვერ გაისიგრძეგანა და ვერ გაიგო, რომ მისი ყოველი გამონათქვამი, ფრაზა, რომელსაც ეჭვი შეაქვს 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ვინ დაიწყო ომი, ვინ ვინ დაბომბა, პირდაპირ არის გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ, ჰააგაშიც და სხვაგანაც, როგორც დიპლომატიურად, ისე სასამართლოებში. ვერ გაიგო ამ ქალმა ეს და „ქართულმა ოცნებამ“, როგორც ჩანს, იმიტომ წარადგინა ის პრეზიდენტად და იმიტომ გაიყვანა, რომ რაღაც ზიანი მიადგეს ეროვნულ ინტერესებს, რადგან ამას სხვა ახსნა არ აქვს. მას არ ესმის, რომ ნებისმიერი განცხადება, რომ ჟენევის ფორმატი არის გადასახედი, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეიძლება დავიწყოთ დისკუსია ფორმატზე, რომელიც ვერ იქნება ისეთი კარგი, როგორიც არის დღეს ჟენევის ფორმატი და ქალბატონ სალომეს არ ესმის, რომ ჟენევაში რომ პროგრესი არ გვაქვს, ეს იმის ბრალი კი არ არის, რომ ფორმატი არ გვაქვს, ეს არის იმის ბრალი, რომ მოსკოვში არ არის პოლიტიკური ნება და ამისთვის არის საჭირო, რომ მოსკოვზე გაიზარდოს წნეხი. ეს არის პირველი კურსელის დონეზე დაშვებული შეცდომა და სამწუხაროა, რომ ასეთი დონის პრეზიდენტი გვყავს“, - ამბობს სერგი კაპანაძე.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ჟენევის ფორმატი არ პასუხობს იმ მოთხოვნას, რაც დღეს საქართველოს სჭირდება.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალი ფორმატის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც კონფლიქტების დარეგულირების მიზნით, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შემოღებას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG