საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობის შესახებ. მინისტრმა პარლამენტში გამოსვლა თავად მოისურვა საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო.
პორტის მშენებლობისთვის სავარაუდო საფრთხის შექმნაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც პროკურატურა დაინტერესდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელ „თიბისი ჰოლდინგში“ შემავალი „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებით, მამუკა ხაზარაძით და ბადრი ჯაფარიძით.
საქართველოს პროკურატურა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით 2018 წლის აგვისტოდან იძიებს „თიბისი ბანკში“ 2008 წელს განხორციელებულ ერთ-ერთ ფინანსურ ოპერაციას.
საქმეში ფიგურირებენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, თუმცა, მათ ბრალდებულის სტატუსი არ აქვთ და გამომძიებლების მიერ მოწმის სტატუსით არიან დაკითხულნი. ორივე მათგანი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ პროკურატურის ინტერესის საგნად ქცეულ ტრანზაქციას რაიმე კავშირი აქვს „ფულის გათეთრებასთან."