Accessibility links

site logo site logo

გიორგი გახარია: მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია. წერტილი!


მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია. წერტილი! – უპასუხა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" ჟურნალისტებს გადაცემა „პირველებში“ სტუმრობისას.

მისი შეფასებით, რომ არა „ფეიკ წერილი“ამ თემაში გიორგი გახარიას სახელი არ მოხვდებოდა.

„დაველოდები სადამდე შეიძლება მივიდეს გამოგონილი ისტორიების თემა და შემდგომ, რა თქმა უნდა, როგორც რიგითი მოქალაქე ამ ყველაფერზე გავცემ პასუხს. მე მქონდა ამაზე ჩემი პირველი რეაქცია, აბსოლუტურად ღია და გარკვეულწილად ემოციური, რომლის გამეორება დღეს შემიძლია. თუმცა, თავს შევიკავებ. ... დაველოდები კიდევ რას იკადრებენ. მხარე რას იკადრებს, თუნდაც მამუკა ხაზარაძე. მე მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია და არც გამიგზავნია მამუკა ხაზარაძისთის რაიმე წერილი. წერტილი!“- განაცხადა გიორგი გახარიამ

მინისტრის თქმით, ამ წერილით შინაარსობრივი განხილვიდან აქცენტების გადატანა მოხდა "ფეიკ ნიუსზე".

„ვიჯექით პარლამენტში, ვმსჯელობდით ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტზე და უცებ ჩნდება „ფეიკ წერილი“ და აქცენტები გადადის სხვა რამეზე. რა იყო იმ დღის მთავარი თემა? - იმ დღის მთავარი თემა იყო ერთ-ერთი მსხვილი ბიზნეს ჯგუფი, მისი გარკვეული პოზიციები და პარლამენტში ამ პოზიციების დაცვა. უცებ ჩნდება "ფეიკ წერილი", მედიაზე ზეწოლა, შემდგომ მისი ავტორი და დღის მთავარი თემა ეს ხდება. გათავდა - ეს იყო მიზანი“, - განაცხადა შს მინისტრმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, როგორც კი პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს, ის პირველი იქნება, ვინც ამ საკითხზე ჩვენებას მისცემს.

„ამ წერილის ისტორიას დაესმება წერტილი. რა თქმა უნდა, როგორც კი შემადგენლობა იქნება, პროკურატურა დაიწყებს გამოძიებას. გახარია იქნება პირველი, ვინც ამ გამოძიებაზე მივა, დაკითხვაზე დაჯდება და ჩვენებას მისცემს. რას ელოდება პროკურატურა ეს პროკურორს ჰკითხეთ. მე როგორც ვიცი, შემადგენლობა არ აქვთ. ადამიანი ამბობს, რომ მაქვს წერილი, ეს წერილი გავაგზავნე სადღაც და შუამავალი ვინ იყო არ ვიტყვი. იცით რამდენი ჩვენების მიცემა შემიძლია ასე?- მათ შორის თქვენს წინააღმდეგაც“, - განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG