Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა


სალომე ზურაბიშვილის და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა 25 მარტს, თბილისში გაიმართა
სალომე ზურაბიშვილის და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა 25 მარტს, თბილისში გაიმართა

თბილისში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა.

სალომე ზურაბიშვილმა საპატიო უწოდა იმ ფაქტს, რომ საქართველო მასპინძლობს ნატოსთან ერთობლივ სწავლებას, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, თუ როგორ დონეზეა და როგორი ნდობით ხასიათდება საქართველო-ნატოს ურთიერთობები.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს გზა ნატოსკენ უცვლელი და უალტერნატივოა და მიზნის მისაღწევად ქვეყანა განაგრძობს სამხედრო, თუ პოლიტიკურ რეფორმებს.

„ნატოს ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთვის ნატოსთან ურთიერთობის ქვაკუთხედია და ვხედავთ, რომ ეს პოლიტიკა გრძელდება, თუნდაც ჩრდილოეთ მაკედონიის მიღებით, რაც ძალიან დიდი წინსვლის ნიშანია და ჩვენ ამ გზით გავაგრძელებთ სვლას“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


თავის მხრივ, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს უწოდა ნატოს უაღრესად ღირებული პარტნიორი და დაადასტურა, რომ ქვეყნისთვის ღიაა ალიანსის კარი და გრძელდება ერთობლივი მუშაობა ნატოს წევრობისთვის აუცილებელი შემდეგომი რეფორმებისთვის.

გენერალური მდივანმა საქართველოს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
„რა თქმა უნდა, ჩვენ აგრეთვე მხარს ვუჭერთ თქვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს მისი სამხედროები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან, უარი თქვას მათი, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე, რადგან ეს ტერიტორიები საქართველოს ტერიტორიას წარმოადგენს მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი მთავარი გზავნილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდებოდა, რადგან რუსეთის ქმედებებიდან გამომდინარე, ოკუპაციის ხაზთან ვითარება ძალიან დამძიმდა, იქნება ეს "მცოცავი საზღვრები," ადამიანთა გატაცებები, თუ მუქარა ნატოს წვრთნების გამო.

,,ეს ჩვენს პარტნიორებთან ჩვენი ყოველდღიური სათქმელი უნდა იყოს, რათა მათ იცოდნენ, რომ საქართველო, რუსეთის ამ აგრესიული პოლიტიკის მიუხედავად, განაგრძობს სამშვიდობო გეგმებსა და სამშვიდობო ნაბიჯებს, რომელიც ყოველდღიურად უფრო რთული ხდება, როცა საოკუპაციო ხაზზე იკეტება გადასასვლელი პუნქტები. ამის მიუხედავად, საქართველო არ ცვლის სამშვიდობო გზავნილებს. სხვა პოლიტიკა საქართველოს არ გააჩნია - მხოლოდ სამშვიდობო პოლიტიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გააქტიურდეს ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი, მიიღოს პოლიტიკური დატვირთვა, ან ჟენევაში ან სხვანაირად. არ შეიძლება, რომ ჩვენ შეგუებულნი ვიყოთ საკითხის მხოლოდ ტექნიკურ დონეზე გადაწყვეტას, რადგან რეალურად პროგრესი, რომ მშვიდობიანად გადაწყდეს ეს საკითხი, ამ ფორმით, არ არსებობს, თუ ჩვენი პარტნიორები რუსეთს ყოველდღიურად არ შეახსენებენ, რომ მან უნდა შეასრულოს არსებული ვალდებულებები” - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG