Accessibility links

site logo site logo

ადვოკატი: ვანო მერაბიშვილი უნდა გაათავისუფლონ


სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაშია შესული - უნდა გაათავისუფლონ ვანო მერაბიშვილი, - აცხადებს ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 25 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით.

მისი განმარტებით, რადგანაც ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილება სასამართლომ არ გაიზიარა, ხოლო იუსტიციის სამინისტრომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა, ერთადერთ გამოსავალს ახლა უკვე ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება წარმოადგენს. გასაჩივრების ვადა 25 მარტს 15:00-ზე ამოიწურა.

„აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს ახლა სიტუაცია, როდესაც მან ან უნდა აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება ან არ უნდა აღასრულოს. სასამართლოს გადაწყვეტილების არაღსრულების შემთხვევაში, ეს იქნება უფრო ღია დადასტურება იმისა, რასაც ჩვენ ამდენ ხანს ვამბობდით, რომ მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი... ვფიქრობ, იუსტიციის სამინისტროს ამ შემთხვევაში სხვა გამოსავალი აღარ აქვს. ის ვალდებულია, რომ შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება“, - აცხადებს ადვოკატი ჩივიაშვილი.

25 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა იუსტიციის სამინისტროს ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მერაბიშვილს უარი ეთქვა ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე. ადვოკატის განმარტებით, „სასამართლომ მიუთითა, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის მიერ მოყვანილი საფუძვლები არის უსაფუძვლო და მიუთითა მათ, რომ იმსჯელონ ხელახლა და გამოიტანონ სხვა გადაწყვეტილება“.

რადგანაც სასამართლოს გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროს არ გაუსაჩივრებია, ადვოკატის თქმით, „კომისია ვალდებულია, იმსჯელოს კანონით დადგენილ ვადებში (როგორც წესი, ეს ვადებია თვის 25 რიცხვიდან შემდეგი თვის 5 რიცხვამდე) და მოახდინოს ახალი სამართლებრივი აქტის გამოცემა“.

ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის საპატიმრო სასჯელს იხდის სხვადასხვა განაჩენის მიხედვით და მათ შორის არის კავშირი მკვლელობის დანაშაულთან „ენუქიძისა და გირგვლიანის საქმეში“. ვანო მერაბიშვილს საპატიმროში დარჩენის ვადა 2020 წლის 21 თებერვლს ეწურება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG