Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალჟირის არმიის გენშტაბის ხელმძღვანელი მოითხოვს პრეზიდენტის ქმედობაუუნაროდ გამოცხადებას


2019 წლის 11 მარტი, ალჟირის პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა
2019 წლის 11 მარტი, ალჟირის პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა

ალჟირის არმიის გენერალური შტაბის უფროსი, აჰმედ ჰაედ სალაჰი, მოითხოვს პრეზიდენტ აბდელაზიზ ბუტეფლიკას ქმედობაუუნაროდ გამოცხადებას.

ამის შესახებ გენერალმა გამოაცხადა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში, რის შესახებაც იუწყება ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია ბი-ბი-სი.

მოსახლეობისადმი მიმართვაში, გენერალ-ლეიტენანტი სალაჰი გამოვიდა მოწოდებით, ბოლო მოეღოს პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც მოჰყვა ცნობას, რომ პრეზიდენტი აპირებს მეხუთე ვადითაც წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა მიუხედავად რამდენიმეწლიანი მძიმე ავადმყოფობისა.

ალჟირის კონსტიტუციის მუხლით, რომელსაც გენერალი სალაჰი თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად იშველიებს, საკონსტიტუციო საბჭოს შეუძლია პრეზიდენტის ქმედობაუუნაროდ გამოცხადება, თუ ის ვერ ასრულებს თავის მოვალეობებს. ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტის პოსტი ვაკანტური ხდება და ქვეყანაში ტარდება ვადამდელი არჩევნები.

ალჟირის არმიის გენშტაბის უფროსის აზრით, მისი წინადადება კომპრომისულია, რადგან ალჟირის კონსტიტუციას ეფუძნება.

2013 წლის ინსულტის შემდეგ, ალჟირის პრეზიდენტი საჯაროდ თითქმის აღარ გამოჩენილა. წლის დასაწყისში ის შვეიცარიაში მკურნალობდა.

თებერვალში გახდა ცნობილი, რომ 82 წლის ლიდერი აპირებს აპრილის არჩევნებში მეხუთე ვადით წამოაყენოს თავისი კანდიდატურა. ამ გადაწყვეტილებას ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. დემონსტრანტები პრეზიდენტისაგან მოითხოვენ არჩევნებში ჩართვაზე უარის თქმას.

სამშობლოში დაბრუნებული ბუტეფლიკა მართლაც დათანხმდა საკუთარი კანდიდატურის მოხსნას, მაგრამ არჩევნები აპრილიდან 2019 წლის მიწურულამდე გადაიტანეს და ბუტეფლიკა პრეზიდენტად რჩება. საპროტესტო აქციები კვლავაც გრძელდება.

აბდელაზიზ ბუტეფლიკა 1999 წელს მოექცა ხელისუფლების სათავეში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG