Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი მიზანი უცვლელია და არის ნატოს წევრობა


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

დღეს ჩვენი ქვეყანა, „ნატო-საქართველოს სწავლება - 2019-ის“ წარმატებით დასრულებით კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის ძლიერ მისწრაფებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ. დღეს, ამ მორიგი წარმატებული ნაბიჯით, ჩვენ მკაფიოდ და თავდაჯერებულად ვაცხადებთ, რომ ჩვენი მიზანი უცვლელია და არის ნატო-ს წევრობა“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრში სიტყვით გამოსვლისას. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მიზანია დემოკრატიისა და უსაფრთხოების გაძლიერება და გლობალური მშვიდობის მიღწევაში საერთაშორისო პარტნიორობაში აქტიური მონაწილეობის გაგრძელება:

ნატო-საქართველოს წლევანდელ სწავლებაში საქართველო უკვე ხელმძღვანელი ქვეყანაა და ეს ძალიან ნიშანდობლივია. ეს სტატუსი მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად განვავითარეთ ჩვენი შესაძლებლობები ამ რიგით მეორე სწავლებისთვის და რამდენად გაიზარდა სტრატეგიული პარტნიორების ნდობა და მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. სწორედ ჩვენს თავდაუზოგავ მონდომებაზე პასუხია ასეთი აღიარება. მინდა, ამისათვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ჩატარებული წინა სწავლებისგან განსხვავებით, წელს სწავლებაში მონაწილე სახელმწიფოების რიცხვი 10-დან გაიზარდა და ფორმატში უკვე ნატო-ს 24 წევერი და პარტნიორი ქვეყანაა ჩართული.

სწორედ ასეთი ნაბიჯებით მიიღწევა ჩვენი საერთო მიზანი - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო - ნატო-ში. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩემი ბოლოდროინდელი საგარეო ვიზიტების დროს ნატო-ს გენერალური მდივნისგან, სამხედრო ხელმძღვანელებისგან, ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებისგან ვისმენდი საუკეთესო შეფასებებს ჩვენ მიერ განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით და ეს ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარსარდლისთვის, ძალიან საამაყო იყო.

მასშტაბური წვრთნები, ნატო-ს გენერალური მდივნის სტოლტენბერგის ვიზიტი, სამხედრო კომიტეტის ჩამოსვლა, წლის მეორე ნახევარში დაგეგმილი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სტუმრობა - ეს ყველაფერი ჩვენ მიმართ ალიანსის ურყევი მხარდაჭერის გამოხატულებაა. ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ სამხედრო და პოლიტიკურ რეფორმებს, ზედმიწევნით ვპასუხობთ ყველა სტანდარტსა და მოთხოვნას ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე.

ჩვენი ქვეყანა, ნატო-ს სტანდარტებთან შესაბამისად, მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვაზე, თავდაცვის ბიუჯეტის 20%-ს კი - შეიარაღებაზე ხარჯავს. ჩვენ ამით არ შემოვიფარგლებით, - ვაფართოებთ თანამშრომლობის სპექტრს და ეს ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებს. ეს პრობლემატიკა ჩვენი საერთო საზრუნავია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ თანამშრომლობა სულ უფრო გაძლიერდეს“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო საუკეთესო პარტნიორია საერთაშორისო მისიებში და თავდაუზოგავად იბრძვის იმისთვის, რომ დაცული იყოს გლობალური მშვიდობა და საერთაშორისო უსაფრთხოება:

მე ავღანეთში შევხვდი სამშვიდობო მისიის მონაწილე ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს. მათი პროფესიონალიზმი და თავდადება სამაგალითოა. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყოველთვის აღნიშნავენ, თუ რამხელა წვლილი მიუძღვის საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში. საქართველოს სვლა ნატოსკენ და ამ გზით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და არანაირი მუქარა ჩვენს მიმართ არ არის გამართლებული.

საქართველო თავისუფალი, სუვერენული ქვეყანაა და ის თავისუფლად აკეთებს არჩევანს და ირჩევს მოკავშირეებს. ჩვენი ეს არჩევანი არა მხოლოდ აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და მის უსაფრთხოებას, არამედ განამტკიცებს რეგიონში სტაბილურობას და საფუძველს უდებს ჩვენს მშვიდობიან პოლიტიკას. ეს არის ერთადერთი სწორი და ერთადერთი მომავალზე ორიენტირებული არჩევანი, ამიტომ ჩვენ ბოლომდე მივყვებით ჩვენს მიერ არჩეულ გზას - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო - ნატო-ში“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა კრწანისის სასწავლო ცენტრში "ნატო-საქართველოს სწავლება 2019"-ზე სიტყვით გამოსვლისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG