Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაფიცულ სოციალურ მუშაკებს ჯანდაცვის მინისტრი ხვდება


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გაფიცულ სოციალურ მუშაკებს ხვდება. შეხვედრაზე განიხილება „სოციალური მუშაობის ხელშემწყობი საკოორდინაციო საბჭოს“ მიერ შემუშავებული ოთხპუნქტიანი გეგმა და გაფიცული სოციალური მუშაკების მოთხოვნები.

შეხვედრის დაწყებამდე ერთ-ერთმა სოციალურმა მუშაკმა ნინო კუჭავამ მედიას განუცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული ოთხპუნქტიანი გეგმა გაფიცულებისთვის მიუღებელი არ არის, თუმცა არის გაურკვეველი საკითხებიც. კერძოდ, დასაზუსტებელია, საქმიანობის რა ნაწილი უნდა ჩამოსცილდეთ სოციალურ მუშაკებს და გარდა დასახელებული ოთხი პუნქტისა, კიდევ რა გეგმები აქვს სამინისტროს.

სოციალურმა მუშაკებმა სამინისტროს მათ მუშაობაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად სულ 22 მოთხოვნა წაუყენეს. ისინი მათგან უმთავრესი 5 მოთხოვნის დაუყოვნებლივ შესრულებას ითხოვენ. ეს მოთხოვნებია ხელფასების ზრდა, ფსიქოლოგებისა და იურისტების რაოდენობის ზრდა, სოციალური მუშაკების ტრანსპორტით უზრუნველყოფა და მათი ჩამოცილება საპროცესო გარიგებების პროცესებიდან.

დავით სერგეენკოსთან შეხვედრამდე გაფიცულმა სოციალურმა მუშაკებმა პრესკონფერენცია გამართეს. მათი თქმით, აქამდე თავიანთ მოთხოვნებზე სამინისტროდან პასუხი არ მიუღიათ.

სოციალური მუშაკების შეხვედრა მინისტრთან მედიისთვის დახურულია. სოციალური მუშაკების გაფიცვა 25 მარტიდან მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG