Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით სერგეენკო იმედოვნებს, რომ დღეიდან სოციალური მუშაკები გაფიცვას შეწყვეტენ


გაფიცულ სოციალურ მუშაკებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო 28 მარტს დაახლოებით 4 საათის განმავლობაში ხვდებოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტმა თქვა, რომ გაფიცვა დასრულდება, რადგან ძირითად საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია.

„რა შეთანხმებასაც მივაღწიეთ, ამას დოკუმენტის სახით გააცნობენ სოციალურ მუშაკებს, მოისმენენ მათ მოსაზრებებს და გაფიცვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ“, - განაცხადა სერგეენკომ. მისივე სიტყვებით, სოცმუშაკების ხელფასი მხოლოდ 9 თვის შემდეგ გაიზრდება და 1200 ლარი გახდება.

თავად სოციალური მუშაკების განცხადებით, ამ შეხვედრის შემდეგ ისინი არც კმაყოფილები არიან და არც უკმაყოფილონი. მარიამ ბანძავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შეთანხმება მხოლოდ ნაწილობრივ მოხერხდა:

„ჩვენ ახლა სამინისტროსგან ველოდებით შუალედური შეთანხმების დოკუმენტს, რომლის გაცნობის შემდეგაც გადავწყვეტთ როგორ ვიმოქმედებთ. შეთანხმებულია, რომ 15 აპრილიდან დამატებით 25 ავტომობილი გვეყოლება, მაგრამ ვიღავისთის ტრანსპორტია პრობლემა, ვიღაცისთვის კი ხელფასი, რაც ასე მალე არ გაიზრდება. ჩვენ კი სწორედ ამას მოვითხოვთ“, - გვითხრა მარიამ ბანძავამ.

როგორც ცნობილია, სოციალური მუშაკები ხელფასის გაზრდას დაუყოვნებლივ მოითხოვენ, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ეს 2019 წელს ვერ მოხერხდება.

სოციალური მუშაკები, ჯერჯერობით, გაფიცვას აგრძელებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG