Accessibility links

site logo site logo

ადამიანის უფლებათა კომიტეტში სოცმუშაკების საკითხზე სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმენენ


დღეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სოციალური მუშაკების საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმენენ. მოსმენა საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში გაიმართება.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ განმარტა, კომიტეტის სხდომაზე სოციალური მუშაკების მიმართ ჯანდაცვის სამინისტროს გეგმებსა და შეთავაზებებზე იმსჯელებენ.

კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მომზადებული აქვს სოციალური მუშაობის შესახებ ახალი პროექტი, რომელიც სოციალური მუშაკის პროფესიის გაძლიერებას ითვალისწინებს. კანონპროექტში, მისი განმარტებით, ასახულია ყველა ის გარანტია, რომელსაც სოციალური მუშაკები გაფიცვის ფარგლებში ითხოვენ.

სოფიო კილაძე აღნიშნავს, რომ სოციალური მუშაკების ხელფასის მატება, სოციალურ მუშაკთა რაოდენობის გაზრდა და სხვა მოთხოვნების შესრულება მომავალი წლიდან დაიწყება.

სოციალური მუშაკები 25 მარტიდან არიან გაფიცულები. 28 მარტს ჯანდაცვის მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ მათ გადაწყვიტეს, გაფიცვა არ შეწყდეს. განცხადებაში,რომელიც დავით სერგეენკოსთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს, აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ოთხპუნქტიანი გეგმა კიდევ უფრო მეტად დაკონკრეტდა, თუმცა მოთხოვნების ნაწილი კვლავ შეუსრულებელია, ნაწილი კი საერთოდ არ ასახულა გეგმაში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ სოციალური მუშაკებისთვის ხელფასის გაზრდა 1200 ლარამდე მხოლოდ 9 თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

დღეს, 29 მარტს მთავრობის კანცელარიასთან სოციალური მუშაკების მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG