Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“კონსტიტუციის 42 მუხლი“ უსაფუძვლოს უწოდებს მოსამართლე ლევან მურუსიძის განცხადებას


ლევან მურუსიძე
ლევან მურუსიძე

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42 მუხლი“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, მოსამართლე ლევან მურუსიძის გუშინდელ სატელევიზიო ინტერვიუს გამოეხმაურა და საფუძველს მოკლებული უწოდა სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლის განცხადებას, რომ კანონის ფარგლებში ის ვერ შეძლებდა აღნიშნულ საქმეზე განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ სხვა ალტერნატივებთან ერთად ლევან მურუსიძეს შეეძლო გამოეყენებინა 2007 წელს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლი. კოდექსის ეს მუხლი ადგენს, რომ სასამართლოს სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოაქვს კერძო განჩინება (დადგენილება), რომლითაც სახელმწიფო ორგანოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის, პოლიტიკური გაერთიანების ან თანამდებობის პირის ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ კანონის დარღვევის ფაქტზე, დანაშაულის ჩადენის მიზეზსა და ხელშეწყობ პირობებზე, რომლებიც საჭიროებს სათანადო ზომების მიღებას.

ამას გარდა, კერძო განჩინება (დადგენილება) შეიძლება აგრეთვე გამოიტანოს სასამართლომ მოქალაქეთა უფლებების დარღვევისა თუ კანონის სხვა დარღვევათა გამოვლენისას, რომლებიც დაშვებული იყო წინასწარი გამოძიების ან ქვემდგომი სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას.

შესაბამისად, ყველა ის შეშფოთება, რომელიც გამოხატა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გირგვლიანის საქმეში არსებული დარღვევების გამო ლევან მურუსიძეს კერძო განჩინების სახით დაეფიქსირებინა, რაც მან არ გააკეთა, - ნათქვამია ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42 მუხლის“ განცხადებაში.

ლევან მურუსიძის სახელს უკავშირდება 2007 წლის ივლისში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მსჯავრდებულებისთვის სასჯელის შემცირება, რასთანაც დაკავშირებით ევროსასამართლომ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე აღნიშნა, რომ „გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები (მათ შორის სასამართლო) მოქმედებდნენ, რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG