Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამოუკიდებელი იურისტები ვენეციის კომისიას ღია წერილით მიმართავენ


დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფმა ვენეციის კომისიას წერილით მიმართა, რომელშიც საქართველოს მართლმსაჯულებაში არსებულ ვითარებასა და იმ რისკებზეა გამახვილებული ყურადღება, რომელსაც, წერილის ავტორების აზრით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კანონპროეექტი შეიცავს.

წერილში აღნიშნულია, რომ 2018 წლის დეკემბრის მოვლენებმა მკაფიოდ წარმოაჩინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობის მიზანი - საკუთარი ძალაუფლების განმტკიცება და კლანური ერთგულების ნიშნით სასამართლო სისტემის დაკომპლექტება.

წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ არაკეთილსინდისიერი ამსრულებლის - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პირობებში, სისტემის გაჯანსაღება შეუძლებელია კარგი საკანონდებლო ბაზითაც კი, არათუ ბუნდოვანი, საეჭვო კანონებით.

საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფს არსებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი კანდიდატების წარდგენას. პირიქით, რჩება შთაბეჭდილება, რომ საკანონმდებლო ორგანო ცდილობს - გაუადვილოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მისთვის სანდო კადრებით უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება და ამისათვის აძლევს მოქნილ მექანიზმებს, როგორიცაა მაგ. კონკურსში დასაშვებ კანდიდატთა რიცხვის თვითნებური შეზღუდვა, ფარული კენჭისყრა, გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა, ინტერესთა კონფლიქტის დაურეგულირებლობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არასასურველი კადრის დაბლოკვა რაიმე დასაბუთების და არგუმენტაციის გარეშე“, - წერენ იურისტთა ჯგუფის წევრები.

მათი განცხადებით, 2019 წლის 17 მარტს მათ საქართველოს პარლამენტსაც მიმართეს მოწოდებით, მიეღო სპეციალური რეზოლუცია, რომელიც შეაფასებდა სასამართლოში არსებულ კლანურ მმართველობას და საკანონმდებლო მექანიზმებზეც იმსჯელებდა. წერილის ავტორებს ასევე მიაჩნიათ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის ახალი წესები უნდა ამოქმედდეს მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის გადადომის და საბჭოს რეორგანიზაციის შემდეგ.

იურისთა დამოუკიდებელი ჯგუფი მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისია ყურადღებით უნდა მოეპყრას ქართულ მართლმსაჯულებაში არსებულ კონტექსტს და კანონპროექტის კონსტიტუციასთან შესაბამისობასთან ერთად იმსჯელოს იმაზეც, თუ რამდენად პასუხობს კანონპროექტი არსებულ გამოწვევებს და აძლიერებს სასამართლოს. ისინი მზად არიან მონაწილეობა მიიღონ მიმდინარე კონსულტაციებშიც.

მიმართვას ხელს ათი დამოუკიდებელი იურისტი აწერს, მათ შორის ლია მუხაშავრია, უჩა ნანუაშვილი, დავით ჯანდიერი, კახა კოჟორიძე, ანა ნაცვლიშვილი და სხვები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG