Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2018 წელს 715 არასრულწლოვანი გახდა დედა


"ადრეულ ასაკში ქორწინების და ნიშნობის პრაქტიკა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაცია არ ხორციელდება, პრობლემად რჩება ფაქტობრივი თანაცხოვრების შემთხვევები. " - ნათქვამია სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში, რომლის თანახმადაც 2018 წელს მშობლად 715 არასრულწლოვანი დედა და 23 არასრულწლოვანი მამა დარეგისტრირდა.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეების ანალიზი ცხადყოფს, რომ პრობლემას წარმოადგენს სამართალდამცავ უწყებებს, სოციალურ სამსახურსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ადრეულ ასაკში ქორწინების საქმეებთან დაკავშირებით კოორდინირებული თანამშრომლობა. ამას ადასტურებს სოციალური სააგენტოს მიერ სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაციაც, რომლის თანახმად, 2018 წელს ადრეულ ასაკში ქორწინების სულ 115 შემთხვევა იქნა შესწავლილი, მაშინ როდესაც ადრეულ ასაკში ქორწინების მიზეზით სკოლა გაცილებით მეტმა პირმა მიატოვა.

პრობლემურია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის ფაქტების შესახებ პასუხისმგებელი უწყებებისადმი მიმართვა. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეებიდან დგინდება, რომ ზოგიერთი სკოლა მალავს ადრეული ქორწინების/ნიშნობის შემთხვევებს და სათანადოდ არ აღრიცხავს სკოლაში გოგოების გამოუცხადებლობის ფაქტებს.

სახალხო დამცველის მიერ შესწავლილ საქმეებში, პრობლემად იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პრაქტიკაში აღსრულებაც. ამ მუხლის ამჟამად მოქმედი რედაქცია ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას სრულწლოვნისთვის, 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარების გამო, რაც პრაქტიკაში, წყვილებს შორის მცირე ასაკობრივი სხვაობისას პრობლემას ქმნის.

ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში კვლავ გადაუჭრელია გოგოების ქორწინების მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის შემთხვევები. საქმეთა შესწავლის შედეგად ჩანს, რომ როდესაც საქმე ეთნიკურ უმცირესობას ეხება, ამ კონკრეტულ დანაშაულთან მიმართებით მკაცრი პოლიტიკა არ ტარდება. კონკრეტული საქმეების შესწავლისას ხშირია უკმაყოფილება პოლიციის მიმართ, რომ ჭიანურდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, იმ ვარაუდით, რომ ოჯახები მორიგდებიან და საქმეზე მუშაობა მოკლე დროში დასრულდება. მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეების მიხედვით, ზ ოგიერთი გოგო სკოლას სწორედ მოტაცების შიშის გამო ტოვებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG