Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის დისკუსიის დღის წესრიგს ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილი დაემატა


დღეს ჟენევაში იწყება საერთაშორისო დისკუსიების 47-ე რაუნდი, რომელზეც განიხილება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია კვლავ მოითხოვს მართლმსაჯულების აღსრულებას დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე.

ჟენევის ფორმატით პირველად განიხილება ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილის ფაქტი. გალის რაიონიდან დევნილი ირაკლი კვარაცხელია ოკუპირებულ აფხაზეთში 10 მარტს დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის.

12 მარტს, დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კვარაცხელიამ თავი მოიკლა. მისი ცხედარი თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე 13 მარტს გადაასვენეს. თბილისში ჩატარებული ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ჯერჯერობით უცნობია.

ჟენევის დისკუსიის დღის წესრიგშია რუსეთის და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა მიერ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონოდ დაკავების და გატაცების ფაქტებიც, ე.წ. საზღვრის გავლების უკანონო პროცესი და ქართველების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია.

თბილისის დელეგაცია ყურადღებას გაამახვილებს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივ დარღვევებზე.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის დღის წესრიგში რჩება დევნილთა დაბრუნების საკითხი, რომლის განხილვის დროს, როგორც წესი, რუსეთის და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დელეგაციები მოლაპარაკებას ტოვებენ.

რუსეთის და მისი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ჟენევის დისკუსიის 47-ე რაუნდზეც მოითხოვენ, რომ საქართველომ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან გააფორმოს ძალის არგამოყენების იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტები.

საქართველოს ხელისუფლებას მსგავსი ვადებულება ცალმხრივად უკვე აღებული აქვს და იგივეს უშედეგოდ მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. დისკუსიის თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები. დისკუსიაში მონაწილეობს აშშ-იც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG