Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: შრომის უსაფრთხოების დაცვა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „აბსოლუტურად ტრაგიკული შემთხვევა" უწოდა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის ხუთ ნომერში მშენებლობაზე დასაქმებული ორი ადამიანის დაღუპვას.

„საერთოდ, შრომის უფლების დაცვა და შრომის უსაფრთხოების დაცვა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. კანონმდებლობა უკვე გაუმჯობესებულია, თებერვლიდან ძალაში შევიდა მაღალი რისკის შემცველ ობიექტებზე და პირველი სექტემბრიდან, თუ არ მეშლება, ამოქმედდება ყველა სახის კომპანიებისა და საწარმოებისთვის და ახალი რეგულაციები დაიცავს“ - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყანაში, სადაც შრომის ინსპექცია წლების განმავლობაში არ არსებობდა, შესაძლოა, არსებობდეს აღსრულების პრობლემები. „მაგრამ ვთვლი, რომ ეს მენეჯმენტის საკითხია და ეს ყველაფერი მოგვარებადია. მთავარია, რომ სახელმწიფოს ნება არსებობს, კანონმდებლობა არსებობს და პირველი სექტემბრიდან ეს უნდა გახდეს ზრუნვა თითოეული ჩვენგანის - მოქალაქის, მთავრობის წევრის და სამოქალაქო სექტორის“ - განაცხადა გახარიამ.

31 მარტს საღამოს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის ხუთ ნომერში მდებარე სამშენებლო ობიექტზე მიწის მასის ჩამოშლამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

1 აპრილს, საღამოს თბილისში გაიმართა საპროტესტო აქცია „დროა ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ!“ სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშალეს და შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოითხოვეს.

პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავა 6 აქტივისტი, რომლებიც მალევე ხელწერილით გაათავისუფლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG