Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენეციის კომისიის ექსპერტებმა იუსტიციის საბჭოს წევრთა პოზიციები მოისმინეს


გიორგი მიქაუტაძე. ნაზი ჯანეზაშვილი
გიორგი მიქაუტაძე. ნაზი ჯანეზაშვილი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ვენეციის კომისიის ექსპერტებთან შეხვედრაზე შეაფასეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით შემუშავებული კანონპროექტის მიმართ საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრების დამოკიდებულება მკვეთრად განსხვავებულია.

შეხვედრის შემდეგ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ მან და ანა დოლიძემ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს განუმარტეს თავისი პოზიცია, რომ ინტერესთა კონფლიქტის საკითხი მაქსიმალურად უნდა დარეგულირდეს, რათა პროცესი სანდო იყოს და არ გაჩნდეს შეკითხვები, თუ რატომ წარადგინა საბჭომ მოსამართლეობის ესა, თუ ის კანდიდატი.

ჯანეზაშვილის თქმით, აუცილებელია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მაქსიმალურად გაიზარდოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების როლი, რომელიც ამჟამად ნულოვანია და მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და მაქსიმალური ჩართულობით.

იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის შეფასებით, საბჭოს არამოსამართლე წევრები ცდილობენ კანონი მორგებული იყოს კონკრეტულ პიროვნებებზე და იმას, რომ ერთ, ან ორ ადამიანს ჰქონდეს ვეტოს უფლება მთელი საბჭოს გადაწყვეტილებებზე.

მიქაუტაძის შეფასებით, ხელოვნურადაა წამოჭრილი ინტერესეთა კონფლიქტის საკითხიც. „სამივე ეტაპზე, როდესაც ტარდება კენჭისყრა, ორი ეტაპიდან საერთოდ გამორიცხულია კანდიდატი საბჭოს წევრების მონაწილეობა, ხოლო ერთ ეტაპზე ის ვერ მონაწილეობს მისი კანდიდატურის განხილვაში. ამიტომ ვფიქრობ, წარმოდგენილ კანონპროექტში კარგად არის ასახული ინტერესთა კონფლიქტის საკითხი” - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

ვენეციის კომისია თბილისში მეორე დღეა მართავს შეხვედრებს, რომელთა შემდეგ თავისი დასკვნა უნდა მოამზადოს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ და პირველი მოსმენით უკვე მიღებულ კანონპროექტზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG