Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილი დაზარალებულად არ ცნეს


ბაჩანა შენგელია
ბაჩანა შენგელია

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილს, ბაჩანა შენგელიას პროკურატურაში უარი უთხრეს დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობაზე.

ბაჩანა შენგელიამ საქმის პროკურორის გადაწყვეტილების გასაუქმებლად მიმართა გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს.

შენგელიას განცხადებით, დაზარალებულის სტატუსი მისცემდა საქმის მასალების გაცნობის და საპროცესო მოქმედებების შესაძლებლობას, რაც სააშკარაოზე გამოიტანდა გამოძიების უმოქმედობას.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა. მისი ვაჟი ბაჩანა შენგელია გარდაცვალების მიზეზად ასახელებს ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლაში დაწყებული შემოწმების გამო. შენგელიას განცხადებით, ინსპექტირების რეალური მიზეზი იყო ია კერზაიას უარი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ემუშავა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ. ბაჩანა შენგელიას ინფორმაციით, სკოლის შემოწმების საბაბი იყო რეალურად არარსებული პირის, ვინმე ლავრენტი ქირიას წერილი.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების საქმეზე გამოძიება თებერვალში დაიწყო. საქმე აღძრულია სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების მუხლით.

26 მარტს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების შესახებ.

არასამთავრობო ორგანიზაცია საქმის გარემოებების შემოწმების და შეფასების საფუძველზე მიიჩნევს, რომ განათლების სამინისტროს მიერ განხორციელებულ ინსპექტირებაში სავარაუდოდ, იკვეთება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნები.

რამდენიმე დღის წინ, განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების დასრულების შემდეგ, მისი მორალური პასუხისმგებლობის დადგომის შემთხვევაშიც კი თანამდებობას დატოვებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG