Accessibility links

site logo site logo

1 აპრილის სოლიდარობის აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართება


თბილისში 1 აპრილს გამართულ სოლიდარობის აქციაზე დაკავებული ექვსი აქტივისტის სასამართლო პროცესი გაიმართება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. 6 პირს სამართალდამცავები ედავებიან ადმინისტრაციულ კანონდარღვევას ორი მუხლით - "საზოგადოებრივი წესრიგისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას“ (166-ე და 173-ე მუხლები).შსს-სგან მიღებული დაკავების ოქმი გამოაქვეყნა ერთ-ერთმა დაკავებულმა ვახუშტი მენაბდემ, ფეისბუკის პირად გვერდზე.

„შაბლონურად შევსებული დოკუმენტია, ყველას ერთნაირი ბრალდება გვაქვს წარდგენილი, ისეთი უსაფუძვლო რაღაცები წერია, თითქოს პოლიციელებს ვაგინებდი და უშვერი სიტყვებით ვლანძღავდი. თქვენც იღებდით, ლაივი ჰქონდათ სხვა მედიებსაც და გამოჩნდება რაც იყო. ჩვენ ძალიან მყარ ლოგიკას დავუპირისპირებთ ბრალდებას და სასამართლო რამდენად გაიზიარებს, ეგ მეორეს საკითხია“, -უთხრა ვახუშტი მენაბდემ რადიო თავისუფლებას.

6-დან სამ აქტივისტს - კახა ავალიშვილს, ვახუშტი მენაბდესა და გიორგი სოფრომაძეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს.ორგანიზაციის იურისტის მიშა ჯახუას განცხადებით, წარდგენილი ბრალდებები ითვალისწინებს ფულად ჯარიმას ან 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას.

„166 მუხლი 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ან 15 -დღიანი ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს,173 მუხლით კი გათვალისწინებულია 1 000-დან 4 000 ლარამდე ჯარიმაანპატიმრობა 15 დღემდე ვადით“, -ამბობს მიშა ჯახუა, მისი განმარტებით დაცვის მხარეს ჯერჯერობით არ გადასცემია მტკიცებულებები და დოკუმენტაცია, ისინი ასევე არ ფლობენ კონკრეტული ქმედების შინაარსობრივ აღწერილობას.

1 აპრილის აქციაზე დაკავებული კიდევ სამი აქტივისტის, გიორგი კობახიძის, დავით სუბელიანისა და ცოტნე ცხვედიანის ინტერესებს იცავს "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC). ორგანიზაციის ადვოკატის ანი ნასრაშვილის თქმით, „მნიშვნელოვანია პოლიციელთა სამხრე ვიდეოკამერების ჩანაწერები, რაც ჯერ არ გადმოგვცემია და გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო პროცესამდე წარმოადგენენ ამ ჩანაწერებს როგორც მტკიცებულებას და ამის შემდეგ ხელთ გვექნება ყველა მტკიცებულება“.

სასამართლო პროცესი 14:00 საათზეა დანიშნული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG