Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" ურჩევს ევროპარლამენტარების წერილს სერიოზულად მოეკიდოს


საპარლამენტო ოპოზიციაში სერიოზულ გზავნილად აფასებენ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინისთვის ევროპარლამენტართა ჯგუფის მიერ გაგზავნილ წერილს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამდაშვილის განცხადებით, ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოში ბოლო, საპრეზიდენტო არჩევნებით და წერილი უკვე საჯარო გზავნილია ხელისუფლებისადმი, რომ თუ არ გაითვალისწინებს ოპოზიციის, საერთაშორისო თანამეგობრობის და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, შემდეგი არჩევნები სავარაუდოდ, ჩიხში შეიყვანს საქართველოსა და ევროკავშირის მომავალ ურთიერთობებს.

„ჩვენი ქვეყნის მომავალი დიდწილად არის დამოკიდებული პოლიტიკაზე, რასაც გაატარებს ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში, ამიტომ ყველა მსგავს გზავნილს ძალიან დიდი ყურადღებით უნდა მოეკიდოს ნებისმიერი ხელისუფლება“ - უთხრა ჟურნალისტებს სამადაშვილმა.

საპარლამენტო პარტიის, „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, ევროპარლამენტართა წერილს, რომელშიც საუბარია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ, ხელს აწერენ მაღალი პოლიტიკური წონის ფიგურები.

კანდელაკის შეფასებით, საქართველოში დღეს არსებული შერეული საარჩევნო სისტემა რისკის შემცველია მომავალი პოლიტიკური სტაბილურობისთვის.

„თუ კარგია პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წელს, რატომ არის ცუდი 2020 წელს?! უდავოა, რომ მთავრობამ ყურად უნდა იღოს რჩევები და საარჩევნო სისტემის საკითხზე შედგეს რეალური დიალოგი მთავრობასა და ოპოზიციას შორის" - განაცხადა გიორგი კანდელაკმა. მისივე თქმით, ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ კონსენსუსი პარტიებსა და სამოქალაქო სექტორს შორის მიღწეულია და წინააღმდეგ მხოლოდ „ქართული ოცნებაა.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG