Accessibility links

site logo site logo

დავით ბაგრატიონმა შესაძლოა პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს


იმ შემთხვევაში თუ დავით ბაგრატიონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა დაიწყება, ის პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვს,- ამის შესახებ მისი ადვოკატი ლევან ჩხეიძე საუბრობს.

რაც შეეხება პოლიტიკურ მოტივებს, ადვოკატი რადიო თავისუფლებასთან კომენტარში განმარტავს, რომ "ქვეყანაში სასამართლომ განხილვა დაიწყო ტიტულების საქმეზე, შემდეგ ყოფილ მეუღლეებს შორის ქონების გაყოფის შესახებ. ამას მოჰყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული გამოძიება. ორი დღე აკოწიწებდნენ საქმეს. თუ ანა ბაგრატიონი მართლაც იყო ყოფილი მეუღლის მხრიდან თავისუფლებაშეზღუდული და ამას ჰყავდა მოწმეები, მაშინ ამ ფაქტის თავის დროზე სამართალდამცველებისთვის შეუტყობინებლობაც დანაშაულად ითვლება. ეს საქმე აჩენს პოლიტიკური დევნის ეჭვებს",- განაცხადა დავით ბაგრატიონის ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ.

პარალელურად, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს დავით ბაგრატიონის ყოფილი მეუღლის ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის გამოკითხვა. საქმე ეხება დავით ბაგრატიონის მიერ მისი ყოფილი მეუღლის შესაძლო ცემის ფაქტს. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატის თქმით, საქმეში დევს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც, რომელიც 2014 წელს მომზადდა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის სხეულზე არსებულ დაზიანებებს შეეხება.

თავად დავით ბაგრატიონი ესპანეთში იმყოფება. მისი უფლებების დამცველის თქმით, გამგზავრების მიზეზი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. ​ის გამოძიებისთვის ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს. დავით ბაგრატიონს საქართველოსა და ესპანეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG