Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტი ODIHR-ს აკრიტიკებს რუსეთზე ჩანაწერის შერბილებისათვის


ევროპარლამენტმა დაადანაშაულა ეუთო, რომელმაც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შესახებ მომზადებულ პრესრელიზში შეარბილა რუსეთის შესახებ ევროპარლამენტართა მხრიდან გაკეთებული კრიტიკული ჩანაწერი, - ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის მკაცრი ტონის წერილში, რომელსაც ჩვენი ბრიუსელელი კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი გაეცნო.

4 აპრილით დათარიღებული წერილი, რომელსაც ევროპარლამენტის სახელით ხელს აწერენ წამყვანი ევროპარლამენტარები, ამას უწოდებს „უპრეცედენტო და მიუღებელ ინციდენტს“, რომელშიც ჩართული აღმოჩნდა არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაცია - ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ბიურო (ODHIR).

ევროპარლამენტის წერილის თანახმად, ODHIR-ის პრესსამსახურმა მოუწოდა უკრაინის 31 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელს, დარიუშ როსატის, რათა შეერბილებინა დელეგაციის მონაწილეობის შესახებ ჩანაწერი და ფორმულირება „რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ“ შეეცვალა „აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტით.“

„როსატიმ მკაფიოდ განაცხადა, რომ ესმის იმ შეზღუდვების, რასაც ეუთო აწყდება.. მაგრამ ხაზი გაუსვა იმას, რომ არ გადაუხვევს პირვანდელი ტექსტიდან“, - ნათქვამია ევროპარლამენტის წერილში. „შესაბამისად, პოლონელი ევროპარლამენტარი დათანხმდა, რომ ევროპარლამენტი საერთო არ ყოფილიყო ნახსენებიODHIR-ის მიერ მომზადებულ ერთობლივ პრესრელიზში“.

მაგრამ ODIHR-ის მხრიდან დაპირების მიუხედავად, „მიუღებლად“ სახეცვლილი ფორმულირებიანი ერთობლივი განცხადების ასლი, დამკვირვებლების მიერ, მაინც გავრცელდა 1 აპრილს, კიევში გამართული პრესკონფერენციის დროს და დაურიგდა რამდენიმე ჟურნალისტს.


ევროპარლამენტის წერილის ადრესატია ვარშავაში მდებარე ეუთოს ODIHR-ის ხელმძღვანელი ინგიბიორგ სოლრუნ გისლადოტირი. ხოლო წერილს ხელს აწერენ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გერმანელი მემარჯვენე-ცენტრისტი დავიდ მაკალისტერი და ევროპარლამენტის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე, ბრიტანელი ლეიბორისტი ლინდა მაკავანი.

რადიო თავისუფლების სატელეფონო შეკითხვის პასუხად ODIHR-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტომას რიმერმა განაცხადა, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაცია წერილში გამოთქმულ შენიშვნებთან დაკავშირებით თავის პასუხს უშუალოდ ევროპარლამენტს გაუგზავნის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG