Accessibility links

site logo site logo

16 აპრილს განმეორებით ეყრება კენჭი სკოლებში გამოცდების გაუქმების ინიციატივას


განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ კანონის საბოლოო კენჭისყრა 16 აპრილს დასრულდება. ამის შესახებ ის ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს.

5 აპრილს პლენარულ სხდომაზე აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის ჩაგდებას მარიამ ჯაში ტექნიკურ პრობლემას უწოდებს და პირობას დებს, რომ საატესტატო გამოცდები მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის არ ჩატარდება.

„გპირდებით, რომ 16 აპრილს დამთავრდება კანონის საბოლოო კენჭისყრა. შესაბამისად საატესტატო გამოცდები მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის არ ჩატარდება და კანონის დონეზე მოხსნილი იქნება დუბლირება საატესტატო და ეროვნულ გამოცდებს შორის.

რამდენადაც დღეს პარლამენტში განვითარებულმა პროცესმა ბევრი კითხვა გააჩინა სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის და პირადადაც უამრავი წერილი მივიღე, მინდა გიპასუხოთ რამდენიმე მთავარ კითხვაზე:

პირველ რიგში, ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს ტექნიკური პრობლემის გამო, ვერ დასრულდა სასკოლო გამოცდების რეფორმის დამტკიცება.

აბსოლუტურად გასაგებია საზოგადოების რეაქცია და პირადად მეც მთლიანად ვიზიარებ ამ შეცდომის უაღრესად კრიტიკულ შეფასებას.

აქვე მინდა დაგარწმუნოთ, რომ კანონპროექტმა უკვე წარმატებით გაიარა 5 ეტაპი - 3 საკომიტეტო და 2 პლენარულ სესიაზე განხილვა და კენჭისყრა.

პროცედურულად დარჩენილია მხოლოდ ერთი დასკვნითი კენჭისყრა, რომელიც დასრულდება უახლოეს პლენარულ სხდომაზე - 16 აპრილს” - წერს მარიამ ჯაში სოციალურ ქსელში.

პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა, მესამე მოსმენით კენჭისყრის დროს ჩააგდო.

კანონპროექტს მხოლოდ 54 დეპუტატმა დაუჭირა მხარი და კენჭისყრის ამ შედეგით მისი დამტკიცება ვერ მოხდა.

კანონპროექტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატები უნდა მიეღოთ მოსწავლეებს, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში და ასევე, მათ, ვინც გამოცდაში მონაწილეობდნენ, მაგრამ ვერ მიიღეს ატესტატის მოსაპოვებლად საჭირო შეფასება.

მთავრობა პარლამენტისგან ითხოვდა ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG