Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ყაზტრანსგაზი" დიღმის მასივში აფეთქების შესახებ განცხადებას ავრცელებს


დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში, ხუთსართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა გაზის გაჟონვის გამო.​

"სავარაუდოდ ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა დიღმის მასივში მე-4 კვარტლის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვების და მომხდარი აალების მიზეზი. შემთხვევას არ მოჰყოლია მსხვერპლი.

ამ დროისთვის მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ბინა, სადაც აალება მოხდა მეზობლების ინფორმაციით ქირავდებოდა და ამ დროისთვის დაკეტილი იყო. დამქირავებლებმა საცხოვრებელი ფართი, წინასწარი ინფორმაციით, გუშინ დატოვეს.

ყაზტრანსგაზთბილისი კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ არ დატოვოთ გაზდანადგარები უყურადღებოდ, გაუფრთხილდით თქვენი და მეზობლების სიცოცხლეს." - ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში.

აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. დაშავებულია რვა ადამიანი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. დიდუბის რაიონის გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის თანახმად, ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, მას 35%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული. გამგებლის თქმით, დამწვრობის ცენტრის ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 10 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG