Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიღომში აფეთქებით დაზიანებული სახლის სიმყარეს ექსპერტები დაადგენენ


დიღმის მასივში მდებარე საცხოვრებელ სახლში აფეთქება 7 აპრილს მოხდა
დიღმის მასივში მდებარე საცხოვრებელ სახლში აფეთქება 7 აპრილს მოხდა

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტები მუშაობენ თბილისის დიღმის მასივში მდებარე კორპუსში, რომელიც 7 აპრილს დაზიანდა ერთ-ერთ ბინაში სავარაუდოდ, გაზის დაგროვებით გამოწვეული აფეთქების შედეგად. ექსპერტებმა უნდა დაადგინონ შენობის სიმყარე.

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის აღდგენითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. კალაძის თქმით, ყველა დაზარალებულს დროებით ბინებს უქირავებენ.

დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ აფეთქებით დაზიანებულ კორპუსს მთელი ღამის განმავლობაში დაცვის პოლიცია იცავდა და მიმდინარეობდა ტერიტორიის გაწმენდა.

ზავრადაშვილის ინფორმაციით, ორი სადარბაზოდან ევაკუირებული ოჯახების ნაწილი ნათესავებთან იმყოფება, ნაწილი კი სასტუმროში გადაიყვანეს.

დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მეხუთე კორპუსში აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა.

აფეთქებამდე საცხოვრებელ კორპუსში იგრძნობოდა გაზის სუნი, რის გამოც მობინადრეებმა „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს. აფეთქება ადგილზე მათ მისვლამდე მოხდა. მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG