Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარატეს ფედერაციის პრეზიდენტს ბრალი ედება დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებაში


საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

სააგენტოს მიერ დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტი. კონკრეტულად კი, 2018 წლის 18-22 აპრილს, სტამბოლში გამართული შეჯიბრების შემდეგ, კახა ბასილიამ კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარადგინა ყალბი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც თურქეთში საქართველოს ეროვნული ნაკრების 10 დელეგატი იყო მივლინებული. რეალურად კი შეჯიბრში სულ ოთხმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა და დანარჩენი ექვსი მონაწილის გასამგზავრებლად კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოყოფილ თანხას - 10 441 ლარს დაეუფლა ფედერაციის პრეზიდენტი.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს და თუ დანაშაული დადასტურდა, კახა ბასილიას 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG