Accessibility links

site logo site logo

საგანძურის დამცველები: საპატრიარქოსა და მუზეუმის შეთანხმება დამაზიანებელია


ნინო მიქიაშვილი, შოთა გლურჯიძე

"საგანძურის დაცვის საინიციატივო ჯგუფი" თვლის, რომ საპატრიარქოსა და ეროვნულ მუზეუმს შორის 7 მარტს გაფორმებული მემორანდუმი ეწინააღმდეგება საგანძურის განუყოფლობის პრინციპს და მას საეკლესიო და არასაეკლესიო ნაწილებად ყოფს.

„ეს არის მცდელობა, რომ მემორანდუმმა ჩაანაცვლოს ეკლესიისა და ხელისუფლების მაკონტროლებელი ორგანოები, რომლებიც უნდა ზრუნავდნენ და უნდა იცავდნენ საგანძურს“, - აცხადებს საინიციატივო ჯგუფის წევრი, ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი.

მისი თქმით, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ცდილობს, ამ მემორანდუმის შედგენით ეკლესია და სახელმწიფო შეიყვანოს შეცდომაში; მას ხელოვნების მუზეუმში დაცული საგანძურის დაქუცმაცება სურს და ეს მემორანდუმი ამ პროცესის შედარებით უმტკივნეულოდ განხორციელებას შეუწყობს ხელს.

ნინო მიქიაშვილი ფიქრობს, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ არაფერი იცოდა მემორანდუმის შესახებ.

უნდა გაუქმდეს ეკლესიასა და მუზეუმს შორის გაფორმებული მემორანდუმი „მართლმადიდებლურ საეკლესიო საგანძურზე ერთობლივად ზრუნვის თაობაზე“ - ასეთია "საგანძურის დაცვის საინიციატივო ჯგუფის" მოთხოვნა. ამ მოთხოვნით ჯგუფის ათმა წევრმა 8 აპრილს წერილობით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და კათოლიკოს-პატრიარქს.

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების თქმით, მემორანდუმი ეწინააღმდეგება „მუზეუმების შესახებ საქართველოს კანონსა“ და მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებულ კონსტიტუციურ შეთანხმებას.

საინიციატივო ჯგუფს მემორანდუმის სასამართლოში გასაჩივრების სამართლებრივი უფლება არა აქვს. ერთადერთი გამოსავალია, რომ ის, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილად ცნოს რომელიმე ხელმომწერმა მხარემ.

როგორც საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ანა ვერულაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, კანონდარღვევაზე ლაპარაკი სრულებით უსაფუძვლოა.

„ჩვენ ვიცავთ კანონს. როგორ წარმოგიდგენიათ, რა დარღვევა შეიძლება იყოს, როდესაც სამინისტროში საჯაროდ ხდება ეს ყველაფერი?! ორი ამხელა ინსტიტუცია აწერს ხელს შეთანხმებას, ერთი მხრივ - საპატრიარქოს წარმომადგენელი, მეორე მხრივ - მუზეუმის გენერალური დირექტორი“, - ამბობს ანა ვერულაშვილი. მისი თქმით, მემორანდუმი არ ითვალისწინებს რელიგიური და არარელიგიური ნივთების დაყოფას.

მემორანდუმის თანახმად, უნდა ჩამოყალიბდეს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უნდა შექმნას მონაცემთა ბაზა ეროვნული მუზეუმის ფონდებსა და კოლექციებში დაცული საეკლესიო საგანძურის შესახებ.

სამუშაო ჯგუფი მემორანდუმის ხელმოწერიდან 2 კვირის ვადაში უნდა დაკომპლექტებულიყო. თუმცა ეროვნულ მუზეუმში ამბობენ, რომ საპატრიარქოსთან ჯერ ისევ მიმდინარეობს მოლაპარაკება კომისიის წევრების შერჩევის მიზნით.

2019 წლის 7 მარტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების ხელმძღვანელმა, ეპისკოპოსმა ვახტანგ ლიპარტელიანმა და ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ.

მემორანდუმის მიხედვით, მხარეებმა შესაბამის ნორმატიულ აქტებში საჭირო ცვლილებები უნდა შეიტანონ, რათა ეკლესიასთან შეუთანხმებლად მუზეუმის გარეთ არ გავიდეს მართლმადიდებლური ექსპონატები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG