Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვრცელდება ცნობა, რომ რუსეთი თანახმაა უკრაინაში სეპარატისტების კონტროლქვეშ მოქცეული ტერიტორიის ავტონომიაზე


უკრაინელი პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი
უკრაინელი პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი

უკრაინელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ პირად ითვლება, აცხადებს, რომ დონბასში რუსეთის მხარდაჭერით მებრძოლი სეპარატისტები და საკუთრივ რუსეთიც თანახმა არიან მათ მიერ კონტროლირებული ტერიტორიის ავტონომიაზე უკრაინის შემადგენლობაში.

მედვედჩუკმა მისსავე კუთვნილ ტელეარხ „112“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დონეცკმა, ლუგანსკმა და მოსკოვმა“ გამოხატეს პრინციპული თანხმობა მის მიერ ადრე წარმოდგენილ გეგმასთან, რომელიც ითვალისწინებს უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებას.

ეს გეგმა, რომელიც მედვედჩუკმა იანვრის ბოლოს წარმოადგინა, ითვალისწინებს თავისუფალ ეკონომიკურ ზონას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ზოგ რაიონში, მათ ავტონომიას უკრაინის შემადგენლობაში და საერთაშორისო დახმარებას დონბასის დანგრეული ინფრასტრუქტურის აღსადგენად. მედვედჩუკს წარმოუდგენიან ასეთი დახმარების გამოყოფა ევროკავშირისა და რუსეთისაგან.

რუსეთის ხელისუფლებისა და სეპარატისტების წარმომადგენლები ჯერ არ გამოხმაურებიან მედვედჩუკის განცხადებას.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიქტორ მედვედჩუკი მხარს უჭერდა იური ბოიკოს, რომელსაც მეოთხე ადგილი ერგო. წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობაში ყურადღება მიიპყრო მედვედჩუკისა და ბოიკოს ვიზიტმა მოსკოვში, სადაც ისინი - უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე - შეხვდნენ პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევს.

XS
SM
MD
LG