Accessibility links

site logo site logo

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია: რეპრესირებულთა სამარხების თაობაზე არაერთი კითხვა არსებობს


საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SOVLAB) გამოეხმაურა 2019 წლის 5 აპრილს, ბათუმის და ლაზეთის ეპარქიის მიერ გავრცელებულ ცნობას, ბათუმთან, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე 1930-იან წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხის პოვნის თაობაზე.

ორგანიზაციის განცხადებით, ამ დრომდე (როცა გათხრების დაწყების მომენტიდან რამდენიმე წელია გასული) გარდა სატელეფონო და ტექსტური შეტყობინებებისა, ეპარქიას არ გაუვრცელებია ამ დასკვნის გამამყარებელი არქეოლოგიური ანალიზის დოკუმენტაცია, სამედიცინო და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის მასალები და საერთო დასკვნები. ასევე უცნობია კონკრეტულად რა ჯგუფებმა იმუშავეს გათხრებსა და ნაშთების შესწავლაზე. და რადგან მსგავსი მასალები აქამდე არ გამოჩენილა, მოქალაქეებს და საკითხით დაინტერესებულ პირებსა თუ კვლევით ორგანიზაციებს მხოლოდ მედიაში გავრცელებული მასალებით შეგვიძლია მსჯელობა.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია მიიჩნევს, რომ ჩნდება არაერთი კითხვა, (ნეშტებზე არსებული სხვადასხვა ტიპის დაზიანებები, აღმოჩენილი ნივთების რაობა და ა.შ. რაც ვიზუალური დაკვირვებით განსხვავდება მასობრივი დახვრეტის სურათისაგან და დასახელებული პერიოდისაგან), რომელიც საფუძვლიან და სანდო პასუხს საჭიროებს იმისათვის, რომ საზოგადოებამ და სამეცნიერო წრეებმა დაზუსტებით იცოდნენ, თუ რა ნაშთებთან გვაქვს საქმე და რამდენად სწორია გავრცელებული დასკვნა. სწორედ ამიტომ, SOVLAB-ი მიმართავს სახელმწიფო ორგანოებს და ეპარქიის წარმომადგენლებს და მოითხოვს:

  • უზრუნველყონ მასალების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა, რაც დაასაბუთებს დასკვნას და ასევე საშუალებას მისცემს მკვლევრებს ისარგებლონ ამ ინფორმაციით.
  • თუკი ანთროპოლოგიური და კრიმინალისტიკური ექსპერტიზა და კვლევა არ ჩატარებულა, საშუალება მიეცეს საექსპერტო ჯგუფებს შეისწავლონ ნაშთები.
  • თუკი ეს საბჭოთა პერიოდის მსხვერპლთა ნაშთებია, სახელმწიფომ უნდა მისცეს ამ ფაქტს სამართლებრივი ჩარჩო - აღძრას საქმე, ჩაატაროს გამოძიება დადგენილი წესით და უზრუნველყოს პროცესის დოკუმენტირება.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაადრევი და დაუსაბუთებელია იმის მტკიცება, რომ ეს მართლაც 1937-1938 წლების საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა საერთო სამარხებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG