Accessibility links

site logo site logo

პარლამენტში მოსამართლეების არჩევის თაობაზე ეკა ბესელიას კანონპროექტს განიხილავენ


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ამ წუთებში მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით დეპუტატ ეკა ბესელიას ინიცირებული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

კანონპოექტის წარდგენისას ბესელიამ იმ უპირატესობებს გაუსვა ხაზი, რაც მისი და თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტს აქვს ირაკლი კობახიძის ავტორობით მომზადებულ კანონპროექტთან შედარებით.

ეს ძალიან კარგი ვერსიაა პარლამენტისთვის, რომელიც არ უნდა დააკნინო, ისე როგორც დაკნინებულია კობახიძის კანონპროექტის ვერსიაში, სადაც პარლამენტს პრაქტიკულად, არაფერი შეუძლია იმის გარდა, რომ რასაც დაუდებენ წინ ან თავი დაუკრას, ან უარი თქვას. ხოლო უარის შემდეგ ისევ იმ გადარჩეული და ხუთჯერ გაცხრილული სიიდან უნდა აირჩიოს მეტად უარესი ან ნაკლებად უარესი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს დაქვემდებარების ან პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცევის მიზანი მიუღწეველია და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს.

არავინ იფიქროს, რომ ისეთი კანონპროექტი გავა ან ისეთი სია დამტკიცდება პარლამენტში, როგორი კონფიგურაციაც არ უნდა იყოს, რომ საზოგადოება მიიღებს კრიტიკის გარეშე და ეს ვინმეს იოლად შერჩება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიამ სასამართლოს მიმართ მოქალაქეების ინტერესზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ხალხს აინტერესებს, როგორმა მოსამართლემ შეიძლება განიხილოს მისი საქმე.

ყველას აქვს სასამართლოს მიმართ ერთი ჯანსაღი, ლეგიტიმური ინტერესი: მათ აინტერესებთ, მისი საქმე როგორმა მოსამართლემ უნდა განსაჯოს და თუ იმ ავბედითი შედეგის გამო, პირველ ან მეორე ინსტანციაში დახვდება მეთოფიშვილისნაირი მოსამართლე, რომელიც წარმოუდგენელია, რომ სასამართლო სისტემაში მიიღო და თან უვადოდ გყავდეს ასეთი მოსამართლე“, - განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით, დეპუტატ ეკა ბესელიას ავტორობით მომზადებული კანონპროექტი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტი მას მხარას არ დაუჭერს, რადგან 13 დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, იუსტიციის საბჭო სასამართლოში ხდება კანცელარია.

შეუძლებელია, რომ იმ პროექტის მხარდაჭერაზე ვიმსჯელოთ, რომელიც წარადგინეს. ეს პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის საშუალებაა, სხვა მხრივ, თავად ეკა ბესელიამ, როგორც იურისტმა კარგად იცის, რომ ამ თემას პერსპექტივა არ აქვს", - განაცხადა მდინარაძემ.

კანონპროექტის განხილვა დეპუტატების კამათის ფონზე მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG