Accessibility links

site logo site logo

ბრიტანეთის პოლიცია: დაკავებულია ჯულიან ასანჟი


ლონდონის პოლიცია აცხადებს, რომ დააკავა „ვიკილიკსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი. 11 აპრილის განცხადებით, ასანჟი დაკავებულია და „რაც შეიძლება მალე“ წარდგება სასამართლოს წინაშე.

ასანჟი დააკავეს მას შემდეგ, რაც პოლიციელები ეკვადორის „ელჩმა მიიწვია საელჩოში“. მანამდე ეკვადორის მთავრობმა გააუქმა ასანჟისათვის მინიჭებული თავშესაფარი, ნათქვამია განცხადებაში.

ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოს თავს აფარებდა 2012 წლიდან, რათა თავიდან აეცილებინა შვედეთში ექსტრადიცია. იქ ის 2010 წელს ორმა ქალმა დაადანაშაულა სქესობრივ ძალადობასა და გაუპატიურებაში.

საელჩოში ის ჯერ სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა, მაგრამ ეკვადორის ხელისუფლების სათავეში ცვლილების შემდეგ სამხრეთ ამერიკის ამ ქვეყანამ დაიწყო გარე სამყაროსთან ასანჟის კონტაქტების შეზღუდვა და მას ინტერნეტზე წვდომა შეუჩერა.

შვედმა პროკურორებმა შარშან შეწყვიტეს მისი დევნა, მაგრამ ასანჟს გასამართლებას უპირებენ ბრიტანეთში 2012 წელს ამ ქვეყანაში გირაოთი განთავისუფლებასთან დაკავშირებული პირობების დარღვევისათვის.

47 წლის ასანჟი ავსტრალიის მოქალაქეა. მას შესაძლოა მოელოდეს სასამართლო პროცესი ავღანეთსა და ერაყში ომების შესახებ აშშ-ის სამხედრო ძალების ნახევარ მილიონზე მეტი გასაიდუმლოებული ცნობის გასაჯაროებისათვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG