Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა მანჯგალაძე: ინციდენტი მოჰყვა სანდრა რულოვსის შეხვედრების უკანონო თვალთვალს


გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია-ს“ წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ზუგდიდის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან შეხვედრებზე „უკანონო თვალთვალი“ მიმდინარეობს. პაატა მანჯგალაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ სწორედ თვალთვალი გახდა ინციდენტის საბაბი, რომელსაც დღეს თავად შეესწრო ზუგდიდის სოფელ ნარაზენში და რომლის შედეგადაც მათი სამი წარმომადგენელი დააკავეს.

მისი სიტყვებით, სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან შეხვედრისას მათ შეამჩნიეს ორი ავტომობილი "პროვოკატორების ჯგუფის", რომლებიც მათზე უკანონო ადევნებას და თვალთვალს ახორციელებდნენ. მანჯგალაძე განმარტავს, რომ ერთ-ერთი მანქანა გააჩერეს და სთხოვეს წარმოედგინათ საბუთები, თუ იყვნენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, და რის საფუძველზე ახდენდნენ თვალთვალს.

"მათ რა თქმა უნდა ეს საბუთები არ წარმოადგნიეს. გამოვიძახეთ პოლიცია. ისინი ნახევარი საათის შემდეგ მოვიდნენ და ნაცვლად იმისა, რომ გაერკვიათ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, პირდაპირ გადმოვიდნენ აგრესიაზე. გამომწვევად იქცეოდნენ და მოახდინეს ჩვენი თანმხლები პირების პროვოცირება. ფორმალური საბაბით, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრადებით მოხდა დაკავება", -ამბობს პაატა მანჯგალაძე.

მისი განმარტებით, დააკავეს ისინი, ვინც მოუწოდებდა სამართალდამცველებს კანონის დაცვისკენ. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ პირები, რომლებიც მათ აედევნენ, არ საუბრობდნენ და მათთვის თვალთვალის და ადევნების მიზეზი არ განუმარტავთ .

მანჯგალაძე ამბობს, რომ არსებობს ვიდეოფირი, კონკრეტული მიმოწერების დამადასტურებელი მტკიცებულები, რომ ეს ადამიანები პირდაპირ კონტაქტზე იყვნენ ძალოვან უწყებასთან.

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები ანა წითლიძე, გიორგი პატარაია და მანჩო ჩხეტია დღეს დააკავეს. რამდენიმე წუთის წინ განყოფილება ხელწერილის საფუძველზე დატოვა გიორგი პატარაიამ.

მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლება პოლიციას აძლევს დავალებას სანდრა რულოვსის პოლიტიკურ დევნაზე, რადგან ის იმარჯვებს მერის არჩევნებზე.

„სამწუხაროა, რომ დღევანდელი ხელისუფლება პოლიციას, იმ ადამიანებს რომლებიც უნდა ემსახურებოდნენ ქვეყანას, ემსახურებოდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობენ, და იცავდნენ მათ უსაფრთხოებას, არიან დაკავებული და დავალებას აძლევენ სხვა რამეზე. რომ დევნა იყოს პოლიტიკური მიმართულებით, დევნა იყოს იმ კანდიდატის მიმართ, რომელიც იგებს დღეს ზუგდიდში. სამწუხაროა, რომ დღეს პოლიცია აქციეს ამ იარაღად“, - განაცხადა გიორგი პატარაიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 3 პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG