Accessibility links

site logo site logo

სანდრა რულოვსის შტაბში "ნარაზენის ინციდენტის მონაწილეები" დაასახელეს


სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბი ზუგდიდში

გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში მომხდარი ინციდენტის გამო „ქართულ ოცნებას“ და პოლიციას ადანაშაულებს.

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბში დღეს გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ ინციდენტში მონაწილეობდნენ ნარაზენის პოლიციის უფროსი გია ყალიჩავა, სამხარეო პოლიციის თანამშრომელი არისტო კვარაცხელია და "დაიცავი საქართველოს" წარმომადგენელი საშა მოლაშხია, რომელიც წითლიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და პარტიის ოფისებს არბევდა.

ანა წითლიძემ წარმოადგინა, მისი მტკიცებით, სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილის, ლაშა მურღულიას მიმოწერა პირთან, ალიკა კვარაცხელიასთან, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს უთვალთვალებდა.

ანა წითლიძის ინფორმაციით, სანდრა რულოვსის საარჩევნო შეხვედრის ჩაშლა სცადეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაშიც. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელთა მტკიცებით, ამ ინციდენტში მონაწილეობდნენ ურთაში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსი ლევან მალანია და პარტიის წევრი ცოტნე ქორთუა. ანა წითლიძის თქმით, სანდრა რულოვსს მთელი დღის განმავლობაში დაყვებოდნენ და უკანონო ადევნებას ახორციელებდნენ მმართველი პარტიის აქტივისტები ხვიჩა ლატარია, დიტო მალანია, დიმა მალანია და დათო ქირია.

11 აპრილს ღამით, პოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში დააკავა სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბის წევრები ანა წითლიძე, მანუჩარ ჩხეტია და გიორგი პატარაია. მოგვიანებით წითლიძე და პატარაია გაათავისუფლეს, ჩხეტიას კი ბრალი წაუყენეს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, სანდრა რულოვსის საარჩევნო შეხვედრებს თვალყურს ადევნებდნენ უცნობი პირები, რომელთა ვინაობის გარკვევა უშედეგოდ სცადეს და გამოიძახეს პოლიცია, რომელმაც ვითარების გარკვევის ნაცვლად აგრესია გამოიჩინა და ოპოზიციის წარმომადგენელთა პროვოცირება მოახდინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლები სოფელ ნარაზენთან სამსახურეობრივ შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა მათ ავტომობილით გადაადგილების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სამართალდამრღვევი პირები მას შემდეგ დააკავეს, რაც ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG